LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ბრენდი Condition D/N ლას-ვეგასის Fashion Week-ზე წარსდგება

140

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ქართული ბრენდი Condition D/N მასშტაბური ჩვენებისთვის ემზადება. ბრენდი აშშ-ში, ლას-ვეგასის Fashion Week-ზე საერთაშორისო ბაიერების წინაშე საკუთარ პროდუქციას წარადგენს.

როგორც ”ფორტუნას” Condition D/N -ის დამფუძნებელმა და მთავარმა დიზაინერმა დავით უზნაძემ განუცხადა, ღონისძიება 2019 წლის 20 თებერვალს გაიმართება და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ე.წ ბაიერები (იგივე მყიდველები) დაესწრებიან.

”ჩვენება იქნება დახურული და მასზე დასწრებას მარტო ბაიერები შეძლებენ. საქართველოდან მხოლოდ Condition D/N -ის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი ამ Fashion Week-ზე. შესაბამისად, დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები აღნიშნულ ღონისძიებას – უკვე დაწყებული მაქვს მუშაობა კოლექციაზე, დაახლოებით 35 მოდელი შეიქმნება ამ Fashion Week-ისთვის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან. გადავწყვიტე, რომ კოლექცია წითელ ფერში ყოფილიყო. წითელი დომინანტია და მასთან ერთად კომბინაციაში ოქროსფერიც იქნება. ვფიქრობ, ეს Fashion Week Condition D/N -ისთვის წარმატებული აღმოჩნდება და ბევრი საინტერესო სიახლეც მოჰყვება”, – აღნიშნა დავით უზნაძემ.

მისივე ინფორმაციით, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ქართული ბრენდით, Condition D/N-ით უცხოურ ბაზრებზე დიდი დაინტერესებაა – ბრენდის სამოსი ექსპორტზე ევროპულ ბაზრებზე უკვე გავიდა, კერძოდ, ავსტრიასა და გერმანიაში.

”მოთხოვნა იმდენად დიდია Condition D/N-ის სამოსზე, რომ სამომავლოდ ვგეგმავ, ევროპაში საკუთარი ბრენდირებული მაღაზიის გახსნას. რაც შეეხება ლოკალურ ბაზარს, დაინტერესება მზარდია საქართველოშიც. ამჟამად გაყიდვებს ონლაინ რეჟიმში ვახორციელებ და მყავს ჩემი ერთგული მომხმარებლები. მოგეხსენებათ, ორიენტირებული არ ვარ მასიურ წარმოებაზე, შესაბამისად Condition D/N-ის პროდუქცია არის ექსკლუზიური და მაქსიმუმ ერთი სახეობის მოდელი 2-3 ჯერ იკერება. ეს ექსკლუზიურობა განაპირობებს ბრენდზე მოთხოვნას”, – განმარტა Condition D/N-ის დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ახალი ქართული ბრენდი Condition D/N –ბაზარზე 2017 წლის ნოემბერში გამოჩნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g