თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2”- ის ოპერატორზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული უშანგი დათუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.
ადვოკატის განმარტებით, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენების საფუძველი უშანგი დათუნაშვილის რთული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად ,,რუსთავი 2” – ის ოპერატორის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა, რომელიც დათუნაშვილის კანონის უმკაცრესი ზომით დასჯას არ მოითხოვდა.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.