15 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ კომპოზიტორი და პიანისტი გიგი პიანომენი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა.
– გიგი, მართლაც საოცარი კომპოზიციებით ანებივრებდით მსმენელს კორონავირუსის პირველი ტალღის, კარანტინის დროს და მაქსიმალურად ცდილობდით უმძიმესი დღეების შემსუბუქებას. თავად რას განიცდით იმ პერიოდში?
– ძალიან ემოციური დღეები იყო. პირველ საცდელ კომპოზიციად დავით თორაძის სიმღერა შევარჩიე, რომელმაც საოცარი აჟიოტაჟი გამოიწვია. მაშინ მივხვდი, რა სჭირდებოდა ხალხს და სიამოვნებით შევუდექი მუშაობას. საოცარი ხალისით და ენთუზიაზმით ვმუშაობდი, რადგან ვიცოდი, რომ ძალიან საჭირო საქმეს ვაკეთებდი. უამრავი თბილი, პოზიტიური კომენტარი მივიღე და ჩემი მოტივაციაც ერთი-ორად გაიზარდა. ბედნიერი ვიყავი, რადგან ადამიანების გამხნევება შევძელი და ბევრად მეტის გაკეთება მომინდა.
– სადებიუტო ალბომი late night piano conversation უკვე გამოუშვით. სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, როგორც ვიცი, თანამედროვე ქართული სიმღერების ახალი ვერსიით ჩაწერას აპირებთ?
– მართლა ძალიან მინდა ქართველი კომპოზიტორების უბერებელი სიმღერების ჩემეული ვერსიით ჩაწერა. რა თქმა უნდა, ამ კომპოზიციების უამრავი ვერსია არსებობს, მაგრამ ჯაზის რიტმში მე მგონი არავის ჩაუწერია. პანდემიის დროს უამრავი სიმღერის საკუთარი ვერსია შევთავაზე პუბლიკას, ბევრი არაფერი შემიცვლია, ჰარმონიული ხაზი შევინარჩუნე, ზუსტად გავიმეორე ყველა ტაქტი, აკორდი და სწორედ ეს მოიწონა მსმენელმა ყველაზე მეტად, ამიტომ ამავე სტილში გადავწყვიტე ახალი ალბომის ჩაწერაც.

– სად მიიღეთ მუსიკალური განათლება?
– მართალია, კლასიკური პიანისტი ვარ, მაგრამ ძალიან მომწონს სხვადასხვა ჟანრში „მოგზაურობა“. ათწლედის დასრულების შემდეგ კონსერვატორიაში, პროფესორ თენგიზ ამირეჯიბის კლასში ვსწავლობდი, მერე მის მოსწავლეს ალექსანდრე კორსანტიას გავუგზავნე საკუთარი ჩანაწერები და ბოსტონში გავემგზავრე, საიდანაც ბერკლის სკოლაში გადავედი. საოცარი შეგრძნება იყო, როცა არეტა ფრანკლინის, ჯორჯ დიუკის, ჯორჯ ბენსონის გვერდით აღმოვჩნდი და რა გასაკვირია, რომ ჯაზით, ბლუზით დავინტერესდი. სხვათა შორის, მას შემდეგ საერთოდ არ დამიკრავს კლასიკა. მართალია, ძალიან მინდა ბატონი თენგიზის ფესტივალზე მასვე მიუძღვნა რომელიმე კომპოზიცია, მაგრამ ჯერ არ გამომდის კლასიკურ მუსიკას დაბრუნება.
– როდის გაგიჩნდათ პიანისტობის სურვილი?
– ძალიან მიყვარდა რახმანინოვის მესამე კონცერტის მოსმენა. მართალია, დღეს ბავშვები 4-5 წლის ასაკში უკვე ჩამოყალიბებული პიანისტები არიან, მაგრამ ჩემს შემთხვევაში სხვანაირად იყო, მე ნელ-ნელა შევიყვარე მუსიკა, რომელიც ძალიან მომწონდა, თუმცა საშინლად მეზარებოდა გაკვეთილზე სიარული.
– რამდენიმე წლის წინ პრემიით დაჯილდოვდით სანდენსის კინოფესტივალზე დოკუმენტური ფილმის „სოვდაგრისთვის“ შექმნილი მუსიკისთვის,
– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ სწორედ „სოვდაგარი“ გახდა პრესტიჟული კინოფესტივალის გამარჯვებული. ალბათ იცით, რომ რობერტ რედფორდის დაფუძნებულ ფესტივალზე სხვადასხვა დროს პრემიებით აღინიშნა კვენტინ ტარანტინოს, ჯიმ ჯარმუშის და სხვათა ნამუშევრები. ძალიან გამიმართლა, რადგან თამთა გაბრიჩიძემ ჩემი პიესიდან ისესხა რამდენიმე აკორდი და ისე არაჩვეულებრივად მოარგო ფილმს, რომ თვითონ გამიკვირდა. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ ამგვარი პრემიის ფლობით,რადგან მოტივაციას და თვითრწმენას მმატებს, რომ მართლა შემიძლია კარგი და ხარისხიანი მუსიკის კეთება.

– ბევრი ლირიული კომპოზიცია გაქვთ. ხართ თუ არა რომანტიკოსი და ვის უძღვნით ამ კომპოზიციებს?
– რომანტიკოსი ნადვილად ვარ, თუმცა კომპოზიციებს არავის ვუძღვნი. ვფიქრობ, ყველა გენიალური ნაწარმოები ან დიდი ტრაგედიის ან ბედნიერების განცდით შეიქმნა. მაგალითად, ენიო მორიკონეს შემოქმედების მოსმენისას, საოცარ ტკივილს ვგრძნობ, თითქოს ავტორს რაღაც სტკივა ან ძალიან დარდობს ვიღაცაზე. იმავეს თქმა შემიძლია ლაღიძის შემოქმედებაზე, რომლის მუსიკამ მთელი საქართველო გააერთიანა და მართლაც საოცარი სიყვარულით გადმოსცა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეზო ლაღიძე მთელი საქართველოა ნოტებში.
– საკუთარ ორეულს რომ შეხვედროდით, რა ურთიერთობა გექნებოდათ მასთან?
– ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. ყოველთვის მინდოდა ორი როიალის ერთგვარი დიალოგის მოწყობა. დათო ევგენიძის გადაცემაში ვცადე და ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი გამოვიდა, რადგან ყველაფერი სპონტანურად მოხდა. სწორედ სპონტანურობა სჭირდება ამგვარ კონცერტს ამიტომ, ძალიან გავიხარებდი ორეული რომ მყოლოდა და მასთან გამემართა მსგავსი დიალოგი.
– მთავარი შეკითხვა, რომელსაც მუდმივად უსვამთ საკუთარ თავს?
– სულ ახლის შექმნა მინდა. რა თქმა უნდა, ახალ ნოტებს ვერ გამოვიგონებ, მაგრამ სულ ძიებაში ვარ, ვცდილობ ახლებურად გავიაზრო და წარმოვადგინო ის გენიალური ნამუშევრები, რომლებიც ძალიან მიყვარს.

– ვისი რჩევა გამოგადგათ ყველაზე მეტად?
– ყოველთვის ბატონი გიზოს ნათქვამი მახსენდება, რომელიც თვლიდა, რომ არასდროს არ ღირდა ერთი ნაწარმოების რამდენჯერმე დაკვრა, თუ მისი განსხვავებულად შესრულება არ შეიძლებოდა. ზუსტად იგივე მითხრა, ერთმა ამერიკელმა კომპოზიტორმა, „კოკა-კოლას“ რეკლამის ავტორმა. რა თქმა უნდა, განსხვავებულად დაკრა კლავიშებზე ფეხებით სიარულს არ ნიშნავს, უბრალოდ ყოველ დაკვრაზე საკუთარი თავისთვის ახალი უნდა მოიძიო და სწორედ ის გადასცე მსმენელს.
– რას თვლით საკუთარ სიძლიერედ და სისუსტედ?
– სიძლიერედ მიზანდასახულობა და დისციპლინირებულობა მიმაჩნია. თუ მიზანი დავისახე, არავითარ შემთხვევაში არ დავთმობ და აუცილებლად ბოლომდე მივიყვან.
– რა თვისებით განასხვავებთ კარგ ადამიანს ცუდისგან?
– ალბათ გულახდილობით და სანდოობით.
– რას ელით მომავლისგან?
– სულ განვითარებას ვცდილობ, რადგან სწორედ სიახლისკენ სწრაფვა განსაზღვრავს მომავალს.


