LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დადგება დრო, ვიტყვით…საუბარია ღალატის დეტალებზე, რომელიც შესაძლოა, შოკისმომგვრელი იყოს: ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე

150
კობახიძე - გახარია

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დადგება დრო, როდესაც „ქართული ოცნება“ იტყვის, რა მოხდა და რატომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები გიორგი გახარიამ. „პალიტრანიუსის“ ეთერში კობახიძემ განაცხადა, რომ თუკი აღნიშნულზე, თავად გახარია ისაუბრებს, „თავს გაინადგურებს“.

„ჯერ ვერ ვიტყვით. დადგება ამის დრო, როდესაც ვიტყვით, თუ რა მოხდა 1 წლის წინ. რა მოხდა უფრო ადრე, რატომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები სხვადასხვა მიმართულებით. ის თუ იტყვის, რაშია სინამდვილეში საქმე, თავს გაინადგურებს, ამიტომ რანაირად იტყვის?! ვერაფერს ამბობს. საუბარია ღალატის ისეთ დეტალებზე, რომელიც შესაძლოა ადამიანებისთვის შოკისმომგვრელი იყოს. ეს ინფორმაცია გარკვეული ტიპის უხერხულობას შეიცავს, რის გამოც არ ღირს დღეს ამაზე საუბარი“,- აღნიშნავს კობახიძე.

როგორც კობახიძე განმარტავს, იმის მიუხედავად რომ 3 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნა მაინც შეუძლია, კერძოდ, „შეუძლიათ დამატებით გიორგი გახარიას პარტია მიიმხრონ, რადგან კოალიციაში არიან სამეგრელოში“.

„კომისია მაინც შეუძლიათ, რომ შექმნან. ოპოზიცია 61 კაცით არის წარმოდგენილი. მათ შეიძლება არ ჰქონდეთ რამდენიმე დეპუტატის იმედი, მაგრამ დამატებით, გახარიას პარტია თავისუფლად შეიძლება მიიმხრონ, ისედაც კოალიციაში არიან მუნიციპალიტეტში.

თქვეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდნენ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში, მაგრამ ძალიან ლამაზად გააფორმეს ეს კოალიცია. ეს ფაქტია, გინდა სპილო დაარქვან, მაინც კოალიცია იქნება. ჩვენ გვაქვს „წითელი ხაზები“, ღირებულებები და პრინციპები. ჩვენ მოღალატესთან, რა თქმა უნდა, კოალიციაში არ შევიდოდით.

აქ რა მოხდა: იყო „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც გახარიას „თვალთხარიას“ ეძახდა და მასთან შექმნეს კოალიცია. აღარ არის „თვალთხარია?!“ თუ, მაშინ იტყუებოდა ერთი, ან მეორე.

როდესაც ასეთ კოალიციას ქმნი, ღირსება არ გაქვს, რაც უკმაყოფილობას იწვევს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნითაც. უპრინციპობა არავის უყვარს, მათ შორის, ასეთ პოლიტიკურ ძალაშიც არის პროტესტი. „თვალთხარიასთან“ შექმნეს კოალიცია, აქეთ გახარიამ შექმნა კოალიცია იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც დამნაშავე პოლიტიკურ ძალას უწოდებდა. ეს არის უპრინციპობა. ჩვენ არჩევნების წინ ვამბობდით, რომ გიორგი გახარია „ნაცმოძრაობასთან“ ალიანსში იყო, მინიმუმ ამის გამო არ უნდა გაეკეთებინა ეს კოალიცია. დაადასტურა, რომ მანამდეც იყო და არის „ნაცმოძრაობასთან“ ალიანსში“,- აღნიშნავს კობახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g