LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა პროკურატურისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა: შოთაძემ ანგარიში წარადგინა

66
ირაკლი შოთაძე

საქართველოს გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ უწყების წინაშე მდგარი გამოწვევებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევებია, რომელიც ხშირად ორგანიზებულ ხასიათს ატარებს.

ირაკლი შოთაძემ ამის შესახებ დღეს, საპროკურორო საბჭოსთვის პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს წარდგენის დროს ისაუბრა.

შოთაძის განცხადებით, პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს, რათა საქმიანობა მაქსიმალურად ეფექტიანად აღასრულოს და საზოგადოებას სრული და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს:

“ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საზოგადოების ინფორმირებაა ჩვენი საქმიანობის შესახებ, მათ შორის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებით. სისტემის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გასამყარებლად.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პროკურატურის გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები 2021 წელს, რაც გამოიხატა ჩვენ მიერ პროაქტიულად გავრცელებული ინფორმაციების, განცხადებების თუ ჩატარებული ბრიფინგების უპრეცედენტოდ დიდ რაოდენობაში.

ამის პარალელურად, სამწუხაროდ მრავლად არის დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ორგანიზებულ ხასიათს ატარებს. აღნიშნული მიზნად ისახავს პროკურატურის და, ზოგადად, მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაციას, ამავდროულად, ჩვენი, პროკურორების დემოტივაციას და ჩვენს საქმიანობაზე ხელშეშლის მიზნით, გავლენის მოხდენის მცდელობას.

თუმცა, ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ ამ მცდელობებს არანაირი შედეგი არ ექნება, ჩვენს საქმეს კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი საქმიანობა მაქსიმალურად ეფექტიანად აღვასრულოთ და საზოგადოებას სრული და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ”, – განაცხადა შოთაძემ.

მისი თქმით, სისტემის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი ფაქტორია პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გასამყარებლად.

როგორც გენერალურმა პროკურორმა ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, უწყებამ მოახერხა ადაპტირება არსებულ რეალობასთან და საქმიანობის ეფექტიანობის არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ გაზრდაც.

შოთაძის თქმითვე, პროკურატურის გუნდი თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების ფასად ახერხებს, დანაშაულთან ბრძოლის ურთულეს გამოწვევებს თავი ღირსეულად გაართვას.

magti 5g