LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური სპექტრი თვითმმართველობას ისევ ძალაუფლების მოსაპოვებლად იყენებს, თუ მათ საარჩევნო პროგრამას ჩახედავთ აღმოაჩენთ, რომ ხედვა საერთოდ არ აქვთ – მაგდა პოპიაშვილი

95
გვგვ

მანდატების შეწყვეტის შემდეგ პოლიტიკური ბრძოლის ახალი ველი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების წინ – ვინ რისთვის იბრძვის და ვისთვის არის 2 აპრილი გადამწყვეტი? – ამ საკითხებზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ თვითმმართველობის მკვლევარმა, მაგდა პოპიაშვილმა ისაუბრა.

მისი დაკვირვებით, არჩევნების დასრულებიდან დღემდე, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ძალთა ბალანსი დარღვეულია ოპოზიციის სასარგებლოდ, ყველგან დაძაბული ვითარებაა.

„უფრო მეტად პოლიტიკური ინტერესების ფორსირება ხდება, ვიდრე ადგილობრივი ინტერესების, რაც ძალიან ცუდია“, – აღნიშნავს მაგდა პოპიაშვილი და დასძენს, რომ „სამწუხაროდ, თვითმმართველობის არსსა და ფუნქციას ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციაც ვერ ხვდება“.

„თუმცა ჩემთვის ოპოზიციური საკრებულო უფრო მისაღებია ამ ვითარებაში, რადგან კონტროლის უფრო მაღალი შესაძლებლობა იარსებებს. ზოგადად, კარგია, რომ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში მიხვდნენ, რომ ადგილობრივ არჩევნებს რაღაც ძალა შესაძლოა ჰქონდეს, ცუდია ის, რომ ამ თვითმმართველობას ისევ იყენებენ რაღაც ძალაუფლების მოსაპოვებლად“, – აცხადებს მაგდა პოპიაშვილი.

თვითმმართველობის მკვლევარი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც 2 აპრილი გადაწყვეტს როგორი იქნება ძალთა ბალანსი საკრებულოებში, ოპოზიცია უფრო მობილიზებული უნდა იყოს.

„ხელისუფლებას აქვს ბერკეტები, ადმინისტრაციული რესურსის კონცენტრაცია, აქვს უფრო მეტი შესაძლებლობა საპოლიციო ძალების და მოქალაქეებზე ზემოქმედების, რაც შეაფერხებს ოპოზიციას გასამარჯვებლად, მიუხედავად იმისა, ვინ ეყოლება კანდიდატად რუსთავში, თუნდაც ის იყოს ჯაფარიძე, რომელიც გამოაგდეს პარლამენტიდან“, – განაცხადა მაგდა პოპიაშვილმა.

ქვეყანა კრიმინალური სინდიკატის მენტალიტეტით იმართება – კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ თუ ჯაფარიძე ივანიშვილს ბოდიშს მოუხდიდა, მანდატს არ გაუუქმებდნენ: სამადაშვილი

ვოლსკი: რუსთავის საზოგადოება არ არის ის საზოგადოება, რომელიც ვერ გაარჩევს, რა არის თაღლითობა და რატომ არ შეიძლება, ჯაფარიძის მსგავსი განაჩენის ადამიანი პარლამენტში იმყოფებოდეს

მაგდა პოპიაშვილმა მოსახლეობის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს ბიუროკრატიული ბარიერები, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გაწერილია მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, მაგრამ მაგდა პოპიაშვილის თქმითვე, ეს ფორმები არაეფექტურია.

„ეს ფორმები უფრო მეტად ცალმხრივ მოძრაობას ითვალისწინებს მოქალაქეებისკენ ანუ მოქალაქეების ჩართულობა ამ ფორმებით ნაკლებად ხდება. ყველაზე მთავარი პრობლემა არის თავად მოქალაქეების ინფორმირებულობა და ნიჰილიზმი. წლების განმავლობაში, ადამიანები რომ მიმართავენ პრობლემის მოსაგვარებლად და ვერ გვარდება, შემდეგ რაღაც ჩართულობა და საკითხების ერთად გადაწყვეტის ილუზიაც არ აქვთ“, – აცხადებს მაგდა პოპიაშვილი.

მისივე განცხადებით, 2 აპრილის შუალედური არჩევნები უფრო მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური პარტიებისთვის და არა იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის.

„სამწუხაროდ, მე ასე ვხედავ ამ პროცესს. პარტიებისთვის შუალედური არჩევნები არის ძალაუფლების მოხვეჭა ადგილზე და შემდეგ მცდელობა, რომ ცენტრშიც შეიცვალოს რამე. ცხადია, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ თვითმმართველობას უფრო სხვა ფუნქცია აქვს.

რაც შეეხება მოქალაქეებს, თუ გავითვალისწინებთ თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე განვლილ პერიოდს, დღემდე არაფერი შეცვლილა და შეიძლება, შემდეგაც არაფერი შეიცვალოს, უბრალოდ, იქნება ხმაურიანი საკრებულოს სხდომები.

ვისურვებდი, რომ პოლიტიკოსებს უფრო მეტი ეფიქრათ ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე და მათი გამარჯვების შემთხვევაში მივიღებდით უფრო ძლიერ და ქმედით საკრებულოებს და არა მხოლოდ პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით.

თუ მათ საარჩევნო პროგრამას ჩახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს საერთოდ არ აქვს ხედვა, როგორ უნდა იმართოს ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტები, რადგან ჩემდა გასაოცრად, არ იცნობენ კანონს, არ იბრძვიან თვითმმართველობის გაძლიერებისკენ და მესამე, თავად პარტიებს აქვთ ცენტრალიზებული მმართველობის ფორმა და არ არიან მიჩვეული ადგილობრივ პრობლემატიკაზე ორიენტირებას”, – აღნიშნა მაგდა პოპიაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”

შეგახსენებთ, 2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.

რუსთავში ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს აირჩევენ, ბათუმში კი – საკრებულოს მაჟორიტარს. შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება. პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს, ხოლო ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჯემალ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

 

magti 5g