„ასეთი წერილებით რუსეთს უჩნდება იმედი, რომ საქართველოში არის გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც რუსეთის შემოსვლას მიესალმებიან“, – ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისწერეს.
როგორც „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რუსეთზე წერილები არ მოქმედებს და თუ რაიმე ხელშეკრულებას აწერენ ხელს, არასდროს არ ასრულებენ ხელშეკრულების პირობებს.
„ასეთი წერილები რუსეთზე არ მოქმედებს. მე ვერ დამისახელებს ვერავინ თუნდაც ერთ ფაქტს, გნებავთ საქართველოსთან, გნებავთ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში, როდესაც რუსეთი რაიმე ხელშეკრულებას სერიოზულად განიხილავდა. ის ხელს აწერს მას, მაგრამ არასდროს მას არ ასრულებს. ვინც ამას ვერ ხედავს, ვერც ვერაფერს ვერ ვეტყუვი.
200 წლის მანძილზე, რაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან, ერთ ფაქტსაც ვერ მომიყვანთ, რომ რუსეთს რაიმე კეთილი ნაბიჯი გადაედგას, არამარტო ჩვენი, არამედ ნებისმიერი ქვეყნის მისამართით სამეზობლოში.
ასეთი წერილები სწორედ იმას ემსახურება, რომ რუსეთს უჩნდება იმედი, რომ საქართველოში არის გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც რუსეთის შემოსვლას მიესალმებიან. ანუ „მეხუთე კოლონა“, რომელიც ოსურ არმიას დროშებით დახვდება საქართველოში“, – განაცხადა პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“.