იმდენად გრანდიოზულია სხვაობა რუსეთის და დასავლეთის სამხედრო, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და ინტელექტუალ რესურსებში, რომ მხოლოდ ირაციონალურ ადამიანს შეიძლება სჯეროდეს რუსეთის, თუნდაც საშუალო ვადიანი წარმატების, პუტინის მორიგ ავანტიურაში, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს. მისივე განმარტებით, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ მოდუნების ფუფუნება გვაქვს, პირიქით.
„აუცილებელია, ძალიან სწრაფად შევატრიალოთ ის უგუნური პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება აგერ ათი წელია ატარებს.
კერძოდ:
– სასწრაფოდ უნდა შემცირდეს ჩვენი ეკონომიკური (მათ შორის ტურიზმის) და ენერგო დამოკიდებულება რუსეთზე. შეგახსენებთ, რომ რუსეთი ისევ მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა, დიადი ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით;
– სამარცხვინო/სირაქლემის “არ გაღიზიანების” საერთაშორისო პოლიტიკის ნაცვლად, უნდა გვქონდეს პროაქტიული პოლიტიკა. დანაშაულია აფხაზეთის/სამაჩაბლოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე კონტექსტში ცალყბად მოხსენიება, როდესაც მთელი სამყაროს ყურადღების ცენტრში შეგვიძლია ვიყოთ.
– აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა ყველა შესაძლო ფორმატში და არხით – იქნებ ჩამოვირეცხოთ ის სირცხვილი, რომელიც მთელი ამ პერიოდის მანძილზე დაგვიგროვდა ჩვენს უკრაინელს ძმებთან.
– ძალიან გაიზრდება რეგიონში უსაფრთხო იურისდიქციებზე “Safe Heavens” მოთხოვნა, რაც უზარმაზარი კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობაა. ამისთვის საჭიროა სწრაფი და რადიკალური სასამართლო რეფორმა, თავისუფალი არჩევნები, დეცენტრალიზაცია და განათლების რეფორმა“, – ამბობს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.
ის მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება ჩასანაცვლებელია ევროპული ტიპის კოალიციით“. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ოლიგარქატი საკუთარი ვიწრო უსაფრთხოების და კაპიტალის დაცვის მიზნით, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ისტორიულ დასავლურ კურსს, შესაბამისად მორიგ თაობას იმეტებს სიღარიბისთვის და ემიგრაციისთვის. #GloryToUkraine”, – ამბობს გიორგი ქადაგიძე.