მომღერალი თამარ მეჭიაური ჟურნალ „სარკესთან“ ყოფილ მეუღლეს, პოლიტიკოს თამაზ მეჭიაურს იხსენებს, რომელიც ახლახან კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც თამარი აღნიშნავს, მას ფილტვებთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ აწუხებდა და პროტოკოლით გათვალისწინებული ყველანაირი მკურნალობა ჩაუტარდა, რაც სამწუხაროდ, უშედეგო აღმოჩნდა. „სარკის“ რესპონდენტი ამბობს, რომ მისი ყოფილი მეუღლე აცრილი არ იყო, რადგან ალერგიული გახლდათ და კბილის ექიმთანაც კი ვერ მიდიოდა შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციებისთვის…
კითხვაზე, დაემშვიდობა თუ არა თამაზ მეჭიაურს, თამარი ასე პასუხობს:
„ნახვა ვერ მოხერხდა, რადგან იმ დროისთვის მეც და კახაც დაინფიცირებულები ვიყავით და იზოლაციაში ვიმყოფებოდით, მაგრამ სატელეფონო საუბრები გვქონდა. სანამ პასუხი შეეძლო, შვილები მუდმივად ეკონტაქტებოდნენ.
მე ბოლოს პირველ თებერვალს ვესაუბრე. ძალიან მოწყენილი ხმა ჰქონდა. შემოვუძახე, ხომ იცი, ყველაფერი კარგად იქნება, გამაგრდი და შენებურად იბრძოლე-მეთქი. ისე სევდიანად დამემშვიდობა, გული ჩამწყდა. როცა გაითიშა და აპარატზე გადაიყვანეს, ძალიან ვღელავდით, მაგრამ ერთი წუთითაც არ დაგვიშვია, რომ ყველაფერი ასე ტრაგიკულად დასრულდებოდა…
კახასთვის და ყველა შვილისთვის ის იყო კაცობის მაგალითი, უღირსი საქმე არასდროს ჩაუდენია. მე მისი დიდი პატივისცემა მქონდა, ის ყოველთვის დარჩება ჩემთვის, როგორც საუკეთესო ადამიანი, ვაჟკაცობისა და პატიოსნების სიმბოლო…“