საომარმა პროცესებმა უკრაინაში უკვე შეიწირა ათობით ბავშვის და ასობით ზრდასრული მოქალაქის სიცოცხლე. რამდენიმე დღეში, ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად აქცია. მუდმივი საფრთხისა და ჰუმანიტარული კატასტროფის რისკის ქვეშ იმყოფება ქვეყნის შიგნით დარჩენილი მოსახლეობა.
ომით დაზარალებულები უკრაინაში და განსაკუთრებით ბავშვები, სასწრაფოდ საჭიროებენ ჩვენ თანადგომას. სწორედ, მათ მხარდასაჭერად, საქართველოს რადიოგაერთიანება ევროპის რადიო ასოციაციასთან ერთად იწყებს სოციალურ კამპანიას – შედით საიტზე unicef.org ან redcross.ge და შეიტანეთ წვლილი განსაცდელში მყოფი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.
საქართველოს რადიო გაერთიანება სოლიდარობას უცხადებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და გმობს ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო აგრესიას უკრაინელი ხალხის მიმართ. მხარდაჭერის ნიშნად, 25 თებერვალს, საქართველოში 40-ზე მეტმა რადიოსადგურმა ერთდროულად ააჟღერა უკრაინის ჰიმნი.
12 საათზე ყველა რადიოეთერში აჟღერდება უკრაინის ჰიმნი - საქართველოს რადიოსექტორი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს
სოლიდარობის აქციას უერთდება რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ შემავალი ხუთივე რადიოსადგური და „ფორტუნას“, „ფორტუნა პლუსის“, არ დაიდარდოს“, „ავტორადიოსა“ და „როკ რადიოს“ ეთერით რადიომსმენელები, ყველგან სადაც საქართველოა, ერთად მოისმენენ მეგობარი ქვეყნის ჰიმნს.
რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“, რომელიც ევროპის რადიოასოციაციის (AER) ერთადერთი წევრია საქართველოდან, ინიციატივით მიმართა ევროპელ კოლეგებს, გაგრძელდეს საქართველოს რადიოსექტორში დაწყებული უკრაინისადმი სოლიდარობის აქტი ევროპის მასშტაბით. აღნიშნულ იდეას გამოეხმაურა AER-ის პრეზიდენტი სტეფან მოლერი და აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, მყისიერად დაიწყებენ ევროკავშირის მასშტაბით კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვას.
და უკვე დღეიდან, ყველა რადიოსადგური ევროპის მასშტაბით და მათ შორის საქართველოში, მილიონობით მსმენელს მოუწოდებს, გაერთიანდეს უკრაინელი ხალხისთვის – დონაციისთვის ეწვიოს გაეროს ბავშვთა ფონდისა და წითელი ჯვრის ვებგვერდებს და შეიტანოს წვლილი მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში განსაცდელში მყოფი მოსახლეობის დასახმარებლად.
საქართველოში, დონაციის პროცესში ჩართულია გაეროს ბავშვთა ფონდის გლობალური პორტალი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.