რუსეთის პატრიარქი კირილი მორწმუნეებს მოუწოდებს, საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობის ტემპერატურა დაწიონ უკრაინასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
„ჩვენ არ შეგვიძლია სხვაგვარად მოვიქცეთ, გარდა იმისა, რომ მშვიდობისთვის ვილოცოთ. ასევე ვეცადოთ, დავწიოთ წინააღმდეგობის, ემოციის ტემპერატურა, რომელიც ხშირად სცდება პოლიტიკური დისკუსიების წესებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიმშვიდოთ გულები, რათა კაცობრიობის მტერმა ვერ შეძლოს ჩვენი სულიერი ერთობის დანგრევა..
გაჩნდა ახალმოდური სიტყვა „ფეიკი“, როგორც სიცრუის სინონიმი. ეს არავითარი ფეიკი არ არის, არავითარი ფოკუსები, არამედ ჩვეულებრივი ეშმაკისეული სიცრუეა და სწორედაც რომ სიცრუე გამოიყენება დღეს, რათა გაღრმავდეს უფსკრული ორ მოძმე ერს შორის, რათა ისინი ერთმანეთის მტრებად იქცნენ. ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ყველაფრისადმი, რაც ითქმება, მათ შორის სამწუხარო კონფლიქტზე, რომელიც დონბასის მიწაზე წარმოიქმნა..
ნუ ვისაუბრებთ მათზე, ვინც ეს ომი გააჩაღა – უფალმა განსაჯოს ისინი, მათ ღმერთი დასჯის. დღეს საჭიროა საუბარი საკუთარ თავზე და ყველას მოგიწოდებთ, პირველ რიგში, ლოცვა გავაძლიეროთ იმისთვის, რომ შეწყდეს ყოველგვარი საომარი კონფრონტაცია რუსეთსა და უკრაინას შორის, რათა ჩვენმა ხალხმა კვლავ შეძლოს გააცნობიეროს თავისი საერთო სულიერი ფესვების არსებობა“, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.