LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს უმსხვილეს ინვესტორებს შორის მარშალის კუნძულები და სეიშელებიც არიან

115
Investment-Trends_800x450

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს 1 152.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის გაზრდით. მათივე ცნობით, საქსტატმა ასევე დააზუსტა 2021 წლის I, II და III კვარტლების მონაცემები, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სტატისტიკური გამოკვლევიდან მიღებული დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორები არიან: გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ჩეხეთი, თურქეთი, რუსეთი, ლუქსემბურგი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, გერმანია, მარშალის კუნძულები, სეიშელები. სხვა ქვეყნების მიერ განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა ჯამში 76.7 მლნ დოლარს შეადგენს.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2021 წლის წინასწარი მონაცემებით, 69.8 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 51.8 პროცენტით, მეორეზე – ნიდერლანდები 10.9 პროცენტით, ხოლო მესამეზე – ჩეხეთი 7.1 პროცენტით.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2021 წელს შემდეგი ეკონომიკური სექტორების მიხედვითაა განაწილებული: საფინანსო სექტორი 443.3 მლნ დოლარი, გართობა, დასვენება და სხვა სახის მომსახურება 230.5 მლნ დოლარი, ენერგეტიკა 157.0 მლნ დოლარი.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2021 წელს 72.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 443.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 38.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება გართობის, დასვენების და სხვა სახის მომსახურების სექტორი 230.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – ენერგეტიკის სექტორი, 157.0 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას 2021 წლის IV კვარტალში, დოკუმენტის მიხედვით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის IV კვარტალში 411.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 325.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 79.1 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება აშშ – 36.0 მლნ. აშშ დოლარით (8.8 პროცენტი), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები – 21.9 მლნ. აშშ დოლარით (5.3 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2021 წლის IV კვარტალში კი 91.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გართობის, დასვენების და სხვა სახის მომსახურების სექტორში განხორციელდა და 214.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 52.2 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 119.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – უძრავი ქონების სექტორი 42.6 მლნ. აშშ დოლარით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g