სამართალდამცავებმა ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში, შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯია-ს“ ქვე კონტრაქტორი შპს „ალბაირაქი-ს’’ და შპს ,,დინამიტი-ლ.დ.-ს“ თანამშრომლები გამოძიების პირველადი ინფორმაციით, უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს. ძლიერი აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა თავის არეში მოხვდა 2012 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა,“ – წერია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 244-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს. გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების შედეგად, შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.