თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვი ისრაელში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” იაშვილის კლინიკის პრესამსახურმა დაუდასტურა.
ბავშვი ისრაელიდან ჩამოსულ ექიმებს დილით ჩააბარეს, რომლებმაც მოზარდი ისრაელში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების დინამიკა დადებითი იყო.
შეგახსენებთ, 8 წლის ბავშვს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა დავით ჯალაღონიას, რომელიც ბრალდებულია 31 მარტს, 8 წლის ბავშვზე ავტომანქანით დაჯახების საქმეში.
მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით. ამ მუხლით ავტომობილის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დაკავებულს თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით ემუქრება.