„ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ იმის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის მიერ გამოგზავნილი კითხვარის დროულ და სწორ შევსებაზე იფიქრონ, საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია შეთქმულებების თეორიებით.
„კობახიძე ჩვეულებრივ იგიჟიანებს თავს იმისათვის, რომ მოძებნოს რამე ახალი მიზეზი, რათა ის კითხვარი, რომელიც მივიღეთ ევროპისგან, ან არ იქნეს შევსებული, ან დროულად არ იქნას შევსებული, ან ცუდად იქნას შევსებული. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ამ მიზნის ირგვლივ კონცეტრირებული.
და რას ვიღებთ პასუხად ,,ქართული ოცნებისგან”? – სრულიად ახალ ინსუნაციას, თუ ჰალუცინაციას. რა დავარქვა, არ ვიცი, რაღაც გადატრიალების მოწყობასთან დაკავშირებით ბაკურიანში შეკრებაზე“. – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
„ცნობილი ამერიკული ორგანიზაციის მიწვევით ჩატარებულ “ვორკშოფზე” ბაკურიანში თურმე, ქვეყანაში ამბოხს ვამზადებდით, ამ განცხადების უკან შესაძლოა იყოს ორი მიზეზი, პირველი – ან ჰალუცინაციები აქვს კობახიძეს და საჭიროებს შესაბამის კონსულტაციებს, ან თავს იგიჟიანებს, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნან მან და მისმა პარტიამ ევროკავშირის კითხვარის სწრაფად და სწორად შევსებაზე გამომდინარე პრინციპიდან “გიჟი თავისუფალია”, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე, რომლის კომენტარსაც “ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნება” ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ოთხ-ექვსს აპრილს ოპოზიციის ლიდერებს, რამდენიმე ჟურნალისტს და არასამთავრობო ორგანიზაციას საიდუმლო შეხვედრა ბაკურიანში ჰქონდათ.
“მათი მიზანია, ომის პარალელურად ვითარების დაძაბვა საქართველოში და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა” – თქვა დღეს “ქართული ოცნების” ლიდერმა.