რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და გაეროს გენერალური მდივანი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ანტონიო გუტერეშმა და სერგეი ლავროვმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე მედიასაშუალებებთან ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე გუტერეშმა განაცხადა, გაერო მზად არის, მარიუპოლში ჩარჩენილი მოქალაქეების ევაკუაციისთვის.
ალყაში მოქცეულ ქალაქზე საუბრის დროს, გუტერეშმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია “მზად არის, საკუთარი ადამიანური და ლოჯისტიკური რესურსების სრულად მობილიზებისთვის, რათა დაეხმაროს სიცოცხლის გადარჩენას და ადამიანების ქალაქიდან გამოყვანის პროცესს”.
გუტერეშმა აღნიშნა, რომ ქალაქში ათასობით სამოქალაქო პირს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება .
მან ასევე შესთავაზა წითელ ჯვარს თანამშრომლობა, რათა შეძლონ მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხანაში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანა.
“გამოვდივარ ინიციატივით, შეიქმნას ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფი, რომელშიც შევა გაერო, წითელი ჯვარი, ასევე რუსული და უკრაინული მხარე, რომლებიც იმუშავებენ უსაფრთხო დერეფნის მოწყობის გზების ძიებაზე, ეს მოიაზრებს ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტას, რათა ამ დერეფნების ეფექტიანობა გარანტირებული იყოს”, – თქვა მან.
თავად სერგეი ლავროვი კი უარყოფს კიევის წინადადებას მარიუპოლში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, ჯერ ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ ვინ იქნება შუამავალი მოლაპარაკებებში.
მისივე თქმით, რუსეთი ერთგულია დიპლომატიური მოლაპარაკების მიმართ.
სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული ვითარება ნატოს გეგმებისა და გაფართოების შედეგია:
“ამაზე ანტონიო გუტერეშთან შეხვედრისას დეტალურად ვისაუბრეთ, რომ ეს ვითარება დიდწილად გროვდებოდა და გადამწყვეტ კონტექსტში ეს მოხდა ჩვენი ამერიკელი კოლეგებისა და მათი მოკავშირეების მიერ ნატოს შეუზღუდავი გაფართოების შედეგად”, – თქვა ლავროვმა.