23 მაისს, სასტუმრო რადისონში, საერთაშორისო კონფერენცია – თამბაქოს ზიანის შემცირება: გამოწვევები და შესაძლებლობები 21-ე საუკუნეში, გაიმართა.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან დიდ ბრიტანეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია- K.A.C – Knowledge. Action. Change, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება გააჩნია და HRU – Health Research Union – საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობის 15 წლიანი გამოცდილებით.
უკვე ათწლეულებია, რაც თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული ზიანი საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და თამბაქოს კონტროლის ექსპერტებს ერთი საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს – დაასრულონ თამბაქოს პანდემია.
როგორც კონფერენციის ორგანიზატორები აცხადებენ, თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესის დაჩქარების მიზნით, ყოველდღიურად იზრდება მსოფლიოში იმ ჯანდაცვის ინსტიტუტებისა და ჯანდაცვის ექსპერტების რაოდენობა, რომლებიც ცვლიან საკუთარ დღის წესრიგს და დისკუსიის ფოკუსში მეცნიერებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს განიხილავენ, რადგან მათ სჯერათ, რომ მხოლოდ მეცნიერებას აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს პოზიტიური ცვლილება და დააჩქაროს პროგრესი.
საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავდა სამეცნიერო ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგის ხელშეწყობასა და საერთაშორისო მიდგომების დეტალურ ანალიზს.
სასტუმრო რადისონში 100-მდე ჯანდაცვის ექსპერტი, ეკონომისტი, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მოწვეულმა მომხსენებლებმა დამსწრე აუდიტორიას გააცნეს თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის ბოლოდროინდელი საერთაშორისო მიღწევები და მისი შესაძლებლობები.