LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამდენი წელია ვსაუბრობთ, ამდენი კანონი მივიღეთ, თუმცა ფემიციდს ვერ ვაკავებთ – ეს არის მზარდი დანაშაული, რომელიც ჯაჭვურ რეაქციას იწვევს“ – ქალთა უფლებადამცველები სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ

162
dzaladoba

დღეს, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში ფემიციდთან დაკავშირებით „ქალთა მოძრაობისა“ და ორგანიზაცია „საფარის“ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. „საფარის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას განცხადებით, ისინი მოითხოვენ, სახელმწიფომ ფემიციდთან დაკავშირებით უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას, რადგან რამდენიმე მიმართულებით არსებობს სერიოზული ჩავარდნა, რომელიც გამოსწორებას საჭიროებს.

მისივე თქმით, ქვეყანაში დღემდე არ არსებობს პრევენციის მექანიზმი – ანუ, სახელმწიფო ადრეულ ეტაპზე არ ერევა კონფლიქტში, იმისთვის, რომ უფრო მძიმე დანაშაული თავიდან აიცილოს, არ აქვთ შემუშავებული სტრატეგია და ხედვა, ყოველთვის რეაგირებს დანაშაულის განხორციელების შემდეგ, რაც უფლებადამცველის აზრით, სერიოზული პრობლემაა.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ შეიქმნას პრევენციის მექანიზმი, ჩვენი მოთხოვნაა, რომ ფემიციდის განმარტება ჩაიდოს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კანონში, რათა ჩვენ ვიცოდეთ რით განსხვავდება ფემიციდი, სხვა ნებისმიერი მკვლელობისგან, ვინაიდან ეს არის ქალის მკვლელობა ქალობის გამო“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველოს“ წარმომადგენელმა, იდა ბახტურიძემ კი პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული ქალის, როზეტა ყალიჩავას შესახებ გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, ამ მკვლელობამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ დღეს, სახელმწიფო, რეალურად არაფერს აკეთებს ემიგრანტი ქალების დასაცავად და უცხო სახელმწიფოში ასიათასობით ქალი ბედის ანაბარა ჰყავს მიტოვებული. იდა ბახტურიძის თქმით, ემიგრანტი ქალები ხშირად ყოველგვარი უფლებების გარეშე არიან, სადაც არც საელჩოები და არც მიმღები ქვეყნები მათი უფლებების დაცვისთვის, არ რეაგირებენ.

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

“ფემიციდს წინ უძღვის ძალადობის ხანგრძლივი ისტორია”

„ჩვენ ძალიან დიდი ხანია ამ თემებზე ვფიქრობთ, მაგრამ ბოლო შემთხვევა გახდა კიდევ ერთი მოტივატორი იმისთვის, რომ დღეს ამ პრობლემებზე ვისაუბროთ და სახელმწიფოსგან მოვითხოვოთ სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა ემიგრანტი ქალების უფლებების დასაცავად.

არ არის საკმარისი მოკლული ქალის მკვლელის დასჯა.. მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს და ეს არის მთავარი პრობლემა: იდა ბახტურიძე

ჩვენ ვითხოვთ, პირველ რიგში, შეისწავლოს ის საჭიროებები, რა საჭიროებებიც ემიგრანტ ქალებს აქვთ და დაიწყოს ამ ქალების მხარდაჭერის, დახმარების და რეინტეგრაციის პროგრამების შემუშავება. ჩვენ მზად ვართ, მათთან თანამშრომლობისთვის ამ მიმართულებით, ვიწყებთ უკვე სერიოზულ მუშაობას და სახელმწიფოსგან ველოდებით  რეალურ ქმედით რეაგირებას“, – აღნიშნა პრესკონფერენციაზე იდა ბახტურიძემ.

კიდევ ერთი მოთხოვნა, რასაც ქალთა მოძრაობა მთავრობას უყენებს, არის ის, რომ მოძალადეებისთვის უნდა დაიწყოს სარეაბილიტაციო  პროგრამები. მათი განცხადებით, პრევენციის მექანიზმები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რა კეთდება მას შემდეგ, რაც მოძალადე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხვდება.

„თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ასეთი ტიპის სარეაბილიტაციო და ქცევის საკორექციო სერვისები ინსტიტუციონალიზებული არ იქნება დანერგილი, ფაქტობრივად, შედეგს ნულს მივიღებთ, ეს იქნება პრობლემის გადავადება. მსხვერპლს კი ექნება იმის მოლოდინი, რომ რა მოხდება მას შემდეგ, რაც მოძალადეს სასჯელის ვადა დაუსრულდება.

არის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ასეთი სერვისების მიწოდებაზე უკვე მუშაობენ, თუმცა მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა, სისტემა საერთოდ დაიხურა და ნებისმიერი სარეაბილიტაციო პროგრამის განხორციელება შეუძლებელია, შესაბამისად, ჩვენ ვთხოვთ სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ მოიძიონ პროგრამები ან ახლის შექმნა და სისტემაში მისი დანერგვა დაიწყონ“, – განაცხადა ქალთა მოძრაობის წევრმა, ლოლიტა ბობოციძემ.

პრესკონფერენციის მიწურულს, უფლებადამცველებმა მედიის შეკითხვებს უპასუხეს, თუ როგორია სხვა ქვეყნების პრაქტიკა ფემიციდის პრობლემასთან ბრძოლის წინააღმდეგ, რაზეც ბაია პატარაიამ ისაუბრა:

„ქალთა მკვლელობები სხვა ქვეყანაში შეიძლება სტატისტიკურად უფრო მაღალია, თუმცა მკვლელობა სხვადასხვა ფორმის არსებობს, ბევრი მოტივით ხდება, ბევრ გარემოებებში არსებობს, მაგრამ როცა ქალს მხოლოდ იმის გამო კლავდნენ, რომ ის საკმარისად კარგი ქალი არ არის, შედარებით უფრო ნაკლებად განვითარებულ და  დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველოში ფემიციდი სერიოზული პრობლემაა და სამწუხაროდ არ გვაქვს გაუმჯობესება.

ამდენი წელია ვსაუბრობთ, ამდენი რამ გაკეთდა, ამდენი კანონი მივიღეთ, გაიზარდა დაკავების ღონისძიებები და ა.შ. ეს არის მზარდი დანაშაული, რომლის გამოვლენა კი დაიწყო, თუმცა ფემიციდს ვერ ვაკავებთ. იყო დრო, როდესაც ეს საერთოდ არ შუქდებოდა, ახლა უკვე მეორე უკიდურესობაში ვართ გადავარდნილი, როდესაც შუქდება, მაგრამ შუქდება ისე, რომ ეს იწვევს ჯაჭვურ რეაქციას.

ეს ფემიციდის მახასიათებელი თვისებაა, ეს სხვისი ბრალი არ არის – როგორც ფემიციდს, ისე სუიციდს ახასიათებს მიმბაძველობა, განსაკუთრებით ერთი და იგივე მეთოდით ხდება ხოლმე, ამასთან, დროში უწყობილად, ამიტომ ძალიან მშრალად უნდა ხდებოდეს გაშუქება. ამბავი, როგორც ასეთი, არ უნდა მოჰყვებოდეს, მოტივებზე არ უნდა ვისაუბროთ. ამას ვერ ვაღწევთ და ამიტომაც სახელმწიფომ უნდა იფიქროს უფრო უკიდურეს ზომებზე. როცა 1 კვირაში 4 შემთხვევა გაქვს ანალოგიური მეთოდით ჩადენილი დანაშაულისა, გამორიცხულია ეს დამთხვევა იყოს.“– თქვა ბაია პატარაიამ.

ცნობისთვის, 24 მაისს პოლონეთში საქართველოს მოქალაქე 26 წლის ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა. ის მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ის დახმარებას ითხოვდა და ქმრის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა.

რას ამბობენ პოლონეთში მოკლული ქართველი ქალის მამა და ძმა და რას აზიარებდა სიკვდილამდე როზეტა ყალიჩავა? – „რაც დავინახე შოკში ვიყავი, ყვირილით შევვარდი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g