LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგმართავთ 212-ე საკნიდან, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაისჯება ჩემი ხალხი – რა წერია გვარამიას მიმართვაში, რომელიც ჰარცელს მისმა მეუღლემ გადასცა

160
ნიკა და სოფო

ნიკა გვარამია ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას, ევროპული კომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროპარლამენტარებს მიმართავს.

მიმართვა ევროკავშირის პრეზიდენტს მისმა მეუღლემ სოფო ლილუაშვილმა გადასცა.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, ევროპელ პოლიტიკოსებს სთხოვს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რომლითაც ქართველი ხალხი არ დაისჯება.

„ევროკავშირს სთხოვს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს“ – სოფო ლილუაშვილმა კარლ ჰარცელს ნიკა გვარამიას წერილი გადასცა

გვარამიას თქმით საქართველოს მოსახლეობას ცივილიზაციური არჩევანი გაკეთებული აქვს და მათი ადგილი მხოლოდ ევროპაშია შესაბამისად, სთხოვს წერილის ადრესატებს არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ხალხს ევროპისკენ გზა ჩაეკეტება, რამდენადაც მისი თქმით, ევროპის ალტერნატივა მხოლოდ რუსეთია:

„ძვირფასო და ნამდვილო მეგობრებო, ჩემი ქვეყნის მთავარო გულშემატკივრებო, საქართველოს ისტორიული სამშობლოს, ევროპის ღირსეულო შვილებო! მოგმართავთ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების 212-ე საკნიდან.

მოგმართავთ ჩემი, ჩემი მეუღლის- სოფიას, ჩემი შვილების – სანდროს, ქეთევანის და გიკოს სახელით, მოგმართავთ ჩემი მეორე ოჯახის – „მთავარი არხის“ სახელით, მოგმართავთ ჩემი სამშობლოს ყველა გულმხურვალე პატრიოტის სახელით. მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, რომ მიიღოთ იმგვარი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაისჯება ჩემი ხალხი – ამაყი და თავისუფალი ქართველები.

ცივილიზაციური არჩევანი ჩვენ გაკეთებული გვაქვს – ჩვენი ადგილი მხოლოდ ევროპაშია, იქ, სადაც ინახება ჩვენი უძველესი და საკაცობრიო სიმბოლო – ოქროს საწმისი. როგორი უნდა იყოს გადაწყვეტილება, თქვენ უკვეთ იცით. მე მხოლოდ ის მინდა გთხოვოთ, რომ საქართველოს ხალხს არ დაეკეტოს გზა ევროპისკენ. არ დაეკეტოს, რადგან ალტერნატივა მხოლოდ რუსეთია. ეს ალტერნატივა კი დამღუპველი იქნება ჩვენთვის და დაასრულებს დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიას,“ – აცხადებს გვარამია.

ამასთან, გვარამია სთხოვს ევროპელ პოლიტიკოსებს მაქსიმალური ძალისხმევა გასწიონ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად:

„და ბოლოს, უფლება არ მაქვს, როგორც საქართველოს პატრიოტმა და როგორც ადვოკატმა, არ გთხოვოთ, მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოთ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად.

ქვეყანაში დასავლეთის ყველაზე დიდ გულშემატკივარს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, სამწუხაროდ, დიდი დრო აღარ აქვს, თუ მისი გადარჩენა სასწრაფოდ არ მოხდა. დიდი იმედით და საუკეთესო სურვილებით, ნიკა გვარამია“ – ამბობს გვარამია.

პოპულარულები