„ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმ უმძიმეს დღეზე, რომელიც საქართველოს გუშინ ჰქონდა, როცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო, ხოლო საქართველომ – ვერა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც მავე აღნიშნა, ღარიბაშვილმა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება განგებ ჩააგდო. ხატია დეკანოიძის შეფასებით, არსებული ხელისუფლების პირობებში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და შესაბამისი რეფორმების განხორციელება შეუძლებელია.
„რეფორმებისთვის ხელისუფლებას დრო ჰქონდა, მაგრამ განგებ ჩააგდეს. ახლა მთავარია თავად საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველომ საშინაო დავალება შეასრულოს და 6 თვის შემდეგ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს“, – განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, ის, რაც გუშინ მოხდა, რაც ყველასთვის ემოციურად ძალიან მძიმე იყო, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელსაც პროტესტის შიშის გამო ტონი აშკარად შეცვლილი ჰქონდა, მაგრამ ვერ მოვისმინეთ კონკრეტული გეგმა, მათ შორის დეპოლარიზაციის მიმართულებით.
ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების განხორციელებას პოლიტიკური ნება სჭირდება. დეოლიგარქიზაციას სჭირდება პოლიტიკირი ნება, რაც ამ ხელისუფლების პირობებში გამორიცხულია.
ხელისუფლებამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების გეგმა ჩააგდო, რაც არის უდიდესი ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება, რომელიც უკრაინელების თავგანწირვისა და სისხლის ხარჯზე მოვიდა.“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
