შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, 4 ივლისიდან 8 ივლისამდე პერიოდში გამოცდაზე გამოცხადების 19 დაგვიანება დაფიქსირდა, რაც შეეხება გამოცდიდან მოხსნილი აბიტურიენტების რაოდენობას ის 4-ს შეადგენს. მაია გაბუნიას განმარტებით, გამოცდიდან მოხსნის მიზეზებია, გამოცდაზე ტელეფონით შესვლა, ასევე დამხმარე მასალის გამოცდაზე გამოყენება და დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პირები ოჯახის წევრების ნაცვლად გამოცდაზე შესვლას ცდილობდნენ.
მაია გაბუნია აბიტურიენტებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ პლასტიკურ ბარათზე მითითებულ დროს და გამოცდის დაწყების საათს და დაგვიანების გარეშე გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრებში.
„4 ივლისს დავიწყეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, დღეს მათემატიკის გამოცდა ჩააბარეს. აბიტურიენტების 95%-ზე მეტი გამოცხადდა გამოცდებზე, სამწუხაროდ გვაქვს 19 დაგვიანება და 4 აპლიკანტის მოხსნა გამოცდიდან. გამოცდიდან მოხსნის მიზეზი იყო ის, რომ ტელეფონი შეჰყვა აპლიკანტს, ერთ-ერთმა დამხმარე მასალა გამოიყენა, ასევე კონკრეტული პირები ცდილობდნენ ოჯახის წევრების ნაცვლად გამოცდაზე გასვლას. ეს პირები იდენტიფიცირებულები არიან და მოიხსნენ გამოცდიდან.
კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო აბიტურიენტებს, გულდასმით წაიკითხონ ბარათი, სადაც რეგისტრაციის და გამოცდის დაწყების დრო და თარიღია მითითებული. ერთი შემთხვევა იყო მოვიდა აპლიკანტი დაგვიანებით, თუმცა, როდესაც ადმინისტრატორმა გადაამოწმა მისი პლასტიკური ბარათი, აღმოჩნდა, რომ მას გამოცდა მეორე დღეს დილის 8 საათზე ჰქონდა“, – აცხადებს მაია გაბუნია.