„ჩემი ცოლის დაქალებში“ ბარბარიკას როლის შემსრულებელი, თაკო კორინთელი ამჟამად „პოსტივის“ დილის გადაცემის წამყვანად მუშაობს და ამბობს, რომ ტელეეკრანზე დაბრუნება ქმრის, ლევან ნარეშელის თხოვნით გადაწყვიტა:
„მე რომ დავბრუნდი ტელევიზიაში, ვგულისხმობ დილის გასართობ გადაცემას, 90% არის ჩემი მეუღლის დამსახურება. ის იყო ადამიანი, რომელიც სულ მიბიძგებდა, დავბრუნებოდი ჩემს პროფესიას, აუცილებლად ეკრანზე ვყოფილიყავი და აუცილებლად მეკეთებინა ის საქმე, რომელიც მიყვარს. სულ მეჩიჩინებოდა, რადგან როცა პაუზა გაქვს აღებული, მერე ჭირს ფეხის აწყობა. ბოლოს, რომელმა ფრაზამაც ძალიან იმოქმედა, იყო ის, რომ მითხრა, როგორ მინდა, დილით რომ ავდგები, ჩემს მეუღლეს ტელევიზიით ვუყურებდე და ვხედავდე, როგორ ტკბება თავისი საქმითო. ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე…“, ამბობს ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას მსახიობი და ტელესახე.