LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ” – რატომ ეწინააღმდეგება ხელისუფლება საარჩევნო კოდექსის განხილვაზე ISFED-ის დაშვებას

145
fortuna.ge (2)

დღეს პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ განმარტა და აღნიშნა, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც პრემიერ-მინისტრის გადაყენების თაობაზე მოთხოვნას შეუერთდა.

მისივე თქმით, „სამართლიანი არჩევნები“ არის ორგანიზაცია, რომელმაც 2020 წლის პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, 7 კვირის განმავლობაში დამალა და ამით ქვეყნის იმიჯი შელახა:

„დღეს დილით აღმოსავლური პარტნიორობის პლატფორმამ წარმოადგინა ორი ორგანიზაციის დასახელება, რომელიც მათი მხრიდან არიან წარმოდგენილები ამ პროცესში მონაწილეობისთვის – “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “სამართლიანი არჩევნები”. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმას ჩვენგან წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ “სამართლიანი არჩევნების” ჩართულობა არის ჩვენთვის არგუმენტირებულად მიუღებელი, მათი მხრიდან მოხდა ამ ორგანიზაციის მაინც წარმოდგენა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ “სამართლიანი არჩევნები” ამ სხდომაზე არ მოგვეწვია და იქნება მხოლოდ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.

ამას თავისი საფუძვლები აქვს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, პროცესში შეიძლება ჩაერთონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ. “სამართლიანმა არჩევნებმა” ეს ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც ბოლო შეკრების დროს შეუერთდნენ მოთხოვნას, პრემიერ-მინისტრის გადაყენების თაობაზე. შესაბამისად მათ ნეიტრალიტეტზე საუბარი შეუძლებელია. გვაქვს პლატფორმისგან ინფორმაცია, რომ როტაციული პრინციპით სხვადასხვა შეხვედრაზე სხვადასხვა ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას. სამუშაო ჯგუფის კარი ღიაა ნებისმიერი ნეიტრალური არასამთავრობო ორგანიზაციისთვის“, – განაცხადა მიქანაძემ.

აღნიშნული გადაწყვეტილების საპასუხოდ, პროტესტის ნიშნად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვა.

როგორც სიმონიშვილმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, განუცხადა, მისთვის მიუღებელია, გააგრძელოს იმ შეხვედრებში მონაწილეობა, სადაც ხელისუფლება ვინმეს არ უშვებს:

„შეხვედრაზე მოვისმინეთ ის, რომ „სამართლიან არჩევნებს“ აქვს განცხადება გაკეთებული, რომლის გამოც არ დაუშვებენ ამ ჯგუფში. ეს არის დისკრიმინაციული გადაწყვეტილება. ვინც როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, ამის გამო სამუშაო ჯგუფში არდაშვება დისკრიმინაციულია. ISFED-მა გამოხატა სურვილი, მონაწილეობა მიეღო და მიუთითებდა იმაზე, რომ თანამშრომლობისთვის მზად იყო როგორც ოპოზიციასთან, ისე “ქართულ ოცნებასთან“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, კომენტარი გააკეთა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ. 

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არაფერზე სერიოზული მუშაობა არ უნდა და „ეს არის ერთგვარი პრელუდია იმისთვის, რომ მონაწილეებს ნერვები მოუშალონ და ნერვებმოშლილზე მათი რადიკალიზაცია მოხდეს“:

„ამ შეხვედრებთან დაკავშირებით ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ – ყველა შეხვედრას, რომელიც ევროინტეგრაციის ფორმატში იმართება, აქვს ერთი და იგივე დამახასიათებელი ნიშანი.

შეხვედრა იწყება „ქართული ოცნების” წარმომადგენელთა არანაკლებ ნახევარსაათიანი გამოსვლით, რომლის დროსაც დაისმება ერთი ისეთი საკითხი, როგორიცაა მაგალითად, ვიღაცის სადღაც არ დაშვება, ვიღაცის შეზღუდვა, ვიღაცის კრიტიკა, რასაც სხვების მხრიდან ერთსაათიანი დისკუსია მოჰყვება. ყველა იქ მყოფი გამოთქვამს აზრს ამასთან დაკავშირებით. საათნახევარში ხალხი იღლება.

შემდეგ შემოდის ერთ-ერთი სრულიად უმნიშვნელო საკითხი და თუ ვინმეს ენერგია შერჩა, იმ საკითხი გასვლის დროს ბოლომდე ეცლება ეს ენერგია. შემდეგ ეს შეხვედრა მთავრდება და იწყება ახალი შეხვედრა. ჯერჯერობით მთელი პროცესი ესაა. რაც ამ პროცესში თვალსაჩინოა, არის ის, რომ “ქართულ ოცნებას” უბრალოდ არაფერზე სერიოზული მუშაობა არ უნდა. ეს არის ერთგვარი პრელუდია იმისთვის, რომ მონაწილეებს ნერვები მოუშალონ და ნერვებმოშლილზე მოხდეს მათი რადიკალიზაცია. ამიტომ, ვურჩევდი ჩემს კოლეგებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ცოტა მსუბუქად, ირონიით შეხედონ ამ საკითხს მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ირონიული საკითხი. მაქსიმალურად დააკვირდნენ იმას, როგორ ცდილობს “ქართული ოცნება” არანაირი შეთანხმება არ შედგეს..

„ქართულმა ოცნებამ“ წარმოგვიდგინა რაღაც დოკუმენტი, რომელიც ძალიან წინააღმდეგობრივია და ნაცვლად გამოსწორებისა, საარჩევნო პროცესის გაუარესებას ისახავს მიზნად, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიების ფინანსების კონტროლის ნაწილში. ევრორეკომედაციების გაგება ხდება ისე, რომ საბოლოოდ, ყველა შეიზღუდება, გარდა მმართველი პარტიისა. თუმცა დღეს ამაზე დისკუსია არ მომხდარა. მთელი დღის განმავლობაში ირჩეოდა საკითხი, უნდა დაესწროს თუ არა “სამართლიანი არჩევნები”. სერიოზული საუბრის დაწყების პოლიტიკური ნება ჯერჯერობით, “ქართულ ოცნებას” არ გააჩნია.

ჩემი კრიტიკული პოზიცია გამოვთქვი და ვუთხარი “ქართულ ოცნებას”, რომ მე მაქვს განცდა, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შეთანხმება არ შედგეს. რადგან ვიცით, რომ განსაკუთრებით ამ პუნქტთან [საარჩევნო სისტემის რეფორმირება] დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორის და “სამართლიანი არჩევნების” არდაშვება საარჩევნო რეფორმების ჯგუფში პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ არ გინდა რაიმე შეთანხმებას მიაღწიო“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

პოპულარულები