LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის აკრძალვას არ აპირებს

79
visaus

აშშ არ აპირებს რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის აკრძალვას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა 22 აგვისტოს განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია რუსეთის ხელისუფლების უკრაინაში მოქმედებებისა და რუსეთის რიგითი მოქალაქეების გამიჯვნა.

სახელმწიფო დეპარტამენტში დასძინეს, რომ ვიზების გაცემის აკრძალვა რუს დისიდენტებსა და ყველას, ვინც თავისი ქვეყნის შიგნით თვალთვალს ექვემდებარება, უსაფრთხოების გზას მოუჭრიდა.

„აშშ-ს არ სურს ჩაკეტოს თავშესაფრისა და უსაფრთხოების გზები რუსი დისიდენტებისთვის ან სხვებისთვის, ვინც დაუცველია ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით. ჩვენ ასევე მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ მნიშვნელოვანია ხაზის გასმა რუსეთის მთავრობის ქმედებებსა და უკრაინაში მისი პოლიტიკასა და რუსეთის ხალხს შორის“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სავიზო შეზღუდვები შეეხება ან უკვე შეეხო რუს ჩინოვნიკებს, ან მათ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული პირებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის შეჭრაში მონაწილე პირების გამოვლენას და ხელს შევუწყობთ პასუხისმგებლობის დაკისრებას“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-ის სანქციების სიაში რუსეთის 5 ათასზე მეტი მოქალაქეა შესული და სია კიდევ შეივსება.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაზეთ The Washington Post-თან განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა უნდა აკრძალონ. ლატვიამ, ჩეხეთმა და ესტონეთმა შეაჩერეს რუსი ტურისტებისთვის შენგენის ზონის ვიზების გაცემა. ფინეთმა თქვა, რომ შეზღუდავს მათ რაოდენობას.

რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ყველა დონის ვიზის გაცემის აკრძალვის მოთხოვნით გამოვიდნენ ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი და ჩეხეთი. ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები, მაგალითად, პორტუგალია მსგავს აკრძალვას ეწინააღმდეგებიან, რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის აკრძალვას არ მიემხრო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი.

ევროკავშირის დონეზე რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემის საკითხს აგვისტოს ბოლოს პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g