„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა მიიჩნევს, რომ პური გაიაფებისთვის, ფასი მეპურეებმა, შემდეგ კი მაღაზიებმა უნდა დასწიონ.
“იმისთვის, რომ ფქვილის ფასის შემცირება საბოლოოდ პურზე აისახოს, საჭიროა, რომ პურზე ფასი ჯერ მეპურეებმა, შემდეგ კი მაღაზიებმა შეამცირონ.
ერთ ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე აგვისტოს დასაწყისში 85-86 ლარი იყო, დღეს არის 77-80 ლარი. შემცირება არის და ჯერჯერობით ტენდენციაც შემცირებისკენ მიდის. მეპურეებიც თუ შეამცირებენ პურის ფასს, შემდეგი ნაბიჯი არის, რომ მაღაზიებმა პურის ფასი შეამცირონ. ამ სამივე ჯაჭვმა სინქრონულად უნდა იმუშაოს. ამ შემთხვევაში იქნება ასახული საბოლოო პროდუქტზე ანუ პურზე მომხმარებლისთვის ფასი.
ფქვილის ფასის შემცირების პარალელურად, ფქვილის ფასის შემცირება თვითონ მაღაზიებმა უნდა ასახონ, მათ შორის ქსელურმა სუპერმარკეტებმა. შესაბამისად, ეს მომხმარებელმა მაღაზიების საშუალებით უნდა იგრძნონ. შესაბამისად, ჩვენი კოლეგა „პურის მწარმოებელთა ასოციაცია“ ინიციატივით გამოვიდა, რომ კარგი იქნებოდა რეფერენტული ფასები, როგორც მთავრობამ მაგალითად, წამალზე გამოაცხადა, გადმოტანილი ყოფილიყო ამ დარგისთვის. ამ სამი ჯაჭვის მუშაობს სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, რომ ფქვილის ფასიდან გამომდინარე, პურზე ფასები ზღვრული იყოს”, – აღნიშნავს სილაგავა.
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ხორბლის იმპორტის განახლების შესაბამისად, საშუალო და მცირე წისქვილკომბინატების ნაწილმა მუშაობა განაახლა, დიდი წისქვილკომბინატები კი კვლავ გაჩერებულია. სილაგავას შეფასებით, მსოფლიო ბაზარზე სიტუაცია უმჯობესდება და თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა, ოქტომბერ-ნოემბერში წისქვილები უფრო მასიურად ამუშავდეს.