LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში ემუქრება ქონებას დაყადაღება – კანონში ცვლილებები შედის

64
უძრავი ქონება

ქონებაზე ყადაღის დადების საკითხები ახლებურად მოწესრიგდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები.

კანონპროექტი სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვის ქონებაზე ყადაღის დადების საკითხების ახლებურად მოწესრიგებას ითვალისწინებს და ის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მომზადდა.

კანონპროექტის თანახმად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა შეიძლება დაედოს მაშინ. თუ:

ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ;

ბ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გაანადგურებენ ან დააზიანებენ;

გ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ;

დ) ამ ქონებაზე ყადაღის დადება აუცილებელია მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, რადგან დასაბუთებული ვარაუდის მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული ქონების ჩამოსართმევად საჭირო შესაბამისი გარემოებების არსებობა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის და კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ლეგიტიმური მიზნების განხილვა წარიმართოს არა ზოგადად, ერთიანად და ყველა შემთხვევაში მოხდეს ან სარგებლობის აკრძალვა ან განკარგვის აკრძალვა, არამედ ინდივიდუალური მიდგომის გათვალისწინებით, იმის მიხედვით თუ რა მიზანს ესწრაფვის პროკურატურა და სასამართლომ რა მიზნისთვის უნდა დააკმაყოფილოს შუამდგომლობა.

„ჩვენ გთავაზობთ, რომ ავტომატურად განკარგვის აკრძალვა არ ნიშნავდეს სარგებლობის აკრძალვას. იმ შემთხვევაში თუ იარსებებს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ ან ამ ქონებას გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ, ამ შემთხვევებში ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს ან მფლობელს აუკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე, ქონებით სარგებლობის აკრძალვაც მოხდება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა სამ ეტაპად ედება და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა არის 12 თვე. ასევე, თუ დაწყებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შესაბამისი პროცედურები, ქონებაზე ყადაღის დადება ხუთ ეტაპად ხორციელდება და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა, ასევე, 12 თვეა. ყოველ შემდეგ ეტაპზე დადგენილი ვადით ქონებაზე ყადაღის შესახებ სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდების მხარე მიმართავს.

კანონპროექტის ინიციატორების არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე ტაბატაძე, ნინო იობაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ფრიდონ ინჯია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g