ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან პარტია „დროას“ წარმომადგენლებს და სამოქალაქო აქტივისტებს სამართალდამცველებმა აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს.
მედიის ინფორმაციით, ადგილზე პოლიციელების კორდონია გაკეთებული და აქტივისტებს აქციის ჩატარების უფლებას საზღვრიდან 5 კილომეტრის მოშორებით აძლევენ.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, რომ ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოსკენ რთული მოძრაობაა და იმისთვის, რომ კოლაფსი არ შეიქმნას და აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაც დაცული იყოს, მათ მოუწოდეს, რომ გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულიყვნენ.
„უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ვერ გაგატარებთ. დიდი ნაკადი შემოდის რუსეთიდან, კოლაფსი რომ არ შეიქმნას, აქციას იქ ვერ ჩაგატარებინებთ“, – მიმართა კახა ბუხრაძემ აქციის მონაწილეებს.
ბუხრაძემ ასევე განმარტა, რომ მოქალაქეები აქციის ჩატარებას შეძლებენ გველეთში, იმ ადგილას, სადაც ახლა იმყოფებიან.
„დროას“ წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ გზის გადაკეტვას არ აპირებენ.
მათი განცხადებით, აქციის მიზანია, რომ ის პლაკატები, რაც მათ ადგილზე მიიტანეს, ნახონ რუსეთის იმ მოქალაქეებმა, რომლებიც საქართველოში შემოდიან.
„ჩვენი ამოცანაა, რომ პროტესტი გამოვხატოთ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების მიმართ. გავშლით ბანერებს და რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც შემოდიან საქართველოში, ვეტყვით, რომ არ არიან სასურველი სტუმრები“, – განაცხადა „დროას“ ერთ-ერთმა წევრმა გიგა ლემონჯავამ.
როგორც ცნობილია, შექმნილი ვითარების გამო „დროას“ წარმომადგენლები და აქტივისტები აქციას ლარსის გამშვები პუნქტის ნაცვლად გველეთში ჩაატარებენ.