LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი გახდა

31
გაეროს-გენერალური-ასამბლეა

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში საქართველო, 178 ხმით, უკვე მეორედ იქნა არჩეული გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2023-2025 წლების ვადით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საქართველოსთვის, ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად არჩევა მნიშვნელოვან წარმატებას წარმოადგენს და იძლევა დამატებით შესაძლებლობებს, რათა ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, უფრო აქტიურად ჩაერთოს ადამიანის უფლებათა დაცვის გლობალურ დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„ვულოცავ საქართველოს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში არჩევას 2023-2025 წლებით. აღნიშნული წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან წარმატებას და გვაძლევს შესაძლებლობას განვამტკიცოთ საქართველოს ერთგულება ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ და აქტიურად ჩავერთოთ გლობალურად მათი დაცვის უზრუნველყოფის პროცესში.

მადლობას ვუხდი წევრ სახელმწიფოებს მხარდაჭერისთვის და ასევე საბჭოს ახლად არჩეულ წევრებს, რომელთანაც საქართველო მჭიდრო კოორდინაციასა და თანამშრომლობაში იქნება მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად“, — წერს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილის სოციალურ ქსელში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ულოცავს საბჭოს ყველა ახლად არჩეულ წევრს და მადლობას უხდის გაეროს წევრ სახელმწიფოებს საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერისთვის.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო სამი წლის ვადით არჩეული, 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მის ფუნქციას ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაცვის უზრუნველყოფა, დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს. საბჭო ჟენევაში საქმიანობს. პირველად საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად 2015 წელს, 2016-2018 წლების ვადით აირჩიეს.

magti 5g