ვაკის პარკში დაშავებული 2 მოზარდის სასიცოცხლო პარამეტრები, ამ ეტაპზე, დასტაბილურებულია. “ნიუ ჰოსპიტალსში” მოთავსებული ერთ-ერთი ბავშვი მართვით სუნთქვაზეა.
არასრულწლოვანი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას, მას ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია ესაჭიროება.
კლინიკის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, 13 წლის მოზარდს, ხელოვნური ვენტილაცია, ტვინის დაზიანების თავიდან ასაცილებლად დასჭირდა. დავით ციბაძის განმარტებით, მომავალი 24 საათი გადამწყვეტია, ტვინის დაზიანებისა და სხვადასხვა დინამიკის შესაფასებლად.
„პაციენტი არის კვლავ რეანიმაციაში. ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ამ დროისთვის ჩატარებული აქვს საკმაოდ ბევრი კვლევები შინაგანი ორგანოებისა და ტვინის გამოსაკვლევად. არის სრულ მონიტორინგზე. მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია“.- აცხადებს დავით ციბაძე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი.
რაც შეეხება მეორე დაშავებულ ბავშვს, ის იაშვილის კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ამავე თემაზე:
ვინ არის კაცი, რომელმაც დღეს ვაკის პარკში ბავშვები გადაარჩინა
“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე
ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა
მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე