პერსპექტივა ძალიან დიდი ჰქონდა. სულ რამდენიმე ბავშვი გვყავს საქართველოში, ვისი იმედიც გვქონდა და სამწუხაროდ, ერთ-ერთი მარიტა იყო, – განაცხადა ჩოგბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, დავით კვერნაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას.
მან გაიხსენა, თუ როგორი ბავშვი იყო მარიტა და რამდენად დიდი პერსპექტივა ჰქონდა.
„მარიტას ბავშვობიდან ვიცნობ. მოგეხსენებათ, მისი მამა ჩოგბურთელია და ეს წლები საქართველოს ჩოგბურთში ერთად გვაქვს გავლილი.
ძალიან დიდი უბედურება მოხდა. ბავშვი მთელი თავისი ცხოვრება, ეს 13 წელი რაც გაატარა, საქართველოს პირველი-მეორე ნომერი იყო, ამას გარდა, ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენთვის როგორი დანაკარგია!
რა თქმა უნდა, ალბათ, პირველ ადგილზე ჯერ სკოლა იყო და მერე სპორტი. სკოლიდან პირდაპირ, ჩოგნებით, მამა ხვდებოდა ან ჩოგნებს გზაში იღებდა კორტებზე ჩამოდიოდა. როცა თავისუფალი დრო ჰქონდა, მთელი დღე აქ იყო. პერსპექტივა ძალიან დიდი ჰქონდა. სულ რამდენიმე ბავშვი გვყავს საქართველოში, ვისი იმედიც გვქონდა და სამწუხაროდ, ერთ-ერთი მარიტა იყო“, – განაცხადა კვერნაძემ.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ამავე თემაზე:
“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე
ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა
მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე