LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან ხდებოდა კანდიდატების აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში შეჭრა” – სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი მარიკა არევაძე განცხადებას ავრცელებს

70
marika arevadze - aluda gudushauri

სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი მარიკა არევაძე გასაუბრების პროცესს აფასებს და ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც არევაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან  ხდებოდა კანდიდატების აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში შეჭრა.

„მინდა გამოვეხმაურო სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს და ამ პროცესის პირველ დღეს.

მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის კანდიდატის მიმართ მთავარი კითხვები მიმართული უნდა ყოფილიყო ხედვებზე, ინსტიტუციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე. სამწუხაროდ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან არ ხდებოდა კანდიდატების ხედვებით დაინტერესება და ხდებოდა კანდიდატების აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში შეჭრა. აღნიშნული კი ტოვებს განცდას, რომ პროცესი არ არის მიმართული კონსენსუსისკენ.

ცალკე მინდა გამოვყო მტრული გარემო და პარლამენტარისთვის შეუფერებელი მეტყველების სტანდარტი, რაც დეპუტატ ალუდა ღუდუშაურის მიერ დასმული კითხვების ტონში და პათოსში იგრძნობოდა, რომელიც მიმართული იყო პირადად ჩემი აზრის გამოხატვის თავისუფლებაში შეჭრისკენ და მიზნად ისახავდა ჩემთვის პასუხის მოთხოვნას, იმისათვის, რომ დროის სხვადასხვა პერიოდში დაფიქსირებული მქონდა პირადი მოქალაქეობრივი პოზიცია. ასევე უნდა ითქვას, რომ პოსტები ამოღებული იყო შერჩევითად, წარმოჩენილი იყო კონტექსტის გათვალისწინებისა და კონკრეტული მოვლენის გარეშე.

მთელი ამ „დაკითხვის“ პროცესში მე ვინარჩუნებდი ჩემთვის ჩვეულ სიმშვიდეს და ვიყავი გაწონასწორებული ჩემს პასუხებში თუკი პასუხის გაცემის საშუალება მეძლეოდა. მე ვინარჩუნებდი ჩემს სტანდარტს, ვინაიდან მთელ ამ პროცესში, მე ვერ მივცემდი თავს დეპუტატის სტანდარტზე დაცემის უფლებას. მიმაჩნია, რომ არამხოლოდ სახალხო დამცველი, არამედ სახალხო დამცველობის კანდიდატის სტატუსის მქონე პირიც კი უნდა მოქმედებდეს უმაღლესი სტანდარტით და მიუხედავად ზეწოლისა და წნეხისა, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან, ვერ ახდენდეს მასზე გავლენას.

აქვე ცალკე აღნიშვნას იმსახურებს დეპუტატ ალუდა ღუდუშაურის ფეისბუქ გვერდზე ჩემს მიმართ გამართული „დაკითხვის“ ამსახველი ვიდეოს მონაკვეთის განთავსება და იქ არსებული კომენტარები.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მის აღშფოთებას ჩემს მშვიდ და გაწონასწორებულ რეაქციაზე და იმის მცდელობას, რომ გამარჯვებულად წარმოჩინდეს მისი მხარდამჭერებისა თუ თანამოაზრეების წინაშე.

აქვე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დეპუტატ ალუდა ღუდუშაურის ფეისბუქ გვერდზე გაბედა და ერთის მხრივ ობიექტურად შეაფასა ვითარება, ხოლო მეორეს მხრივ დააფიქსირა ჩემი მხარდაჭერა.

და ბოლოს, მადლობა ჩემგან დეპუტატებს ალუდა ღუდუშაურს, ირაკლი შატაკიშვილსა და გურამ მაჭარაშვილს, ჩემი კომპეტენციის, პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების აღიარებისთვის, რადგან ამ კუთხით მათ კითხვები არ ჰქონიათ“, – აღნიშნულია მარიკა არევაძის მიერ გავცერლებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g