„ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანი, რომელიც თავის დროზე იყო საქართველოს პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, დღეს ასეთ განცხადებას აკეთებს და ინსტიტუციების შინაარსის საწინააღმდეგოდ ცდილობს პარლამენტს ლეგიტიმაცია გამოაცალოს“, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რომლითაც საქართველოს ექსპრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, მარგველაშვილის პოზიცია, რომ ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანო უნდა დატოვოს, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორის განცხადებებთან და პოზიციებთან.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ყოფილი საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის გარანტი იყო თავის დროზე, დღეს აკეთებს განცხადებას ინსტიტუციების შინაარსის საწინააღმდეგოდ და ცდილობს, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია გამოაცალოს. ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების განცხადებებთან.
ზოგადად, ვინც ამ დატოვება – არ დატოვების თემაზე ბევრს ლაპარაკობს, არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მაინც არ დადიან პარლამენტში და არც არაფერს აკეთებენ და ხელფასს იღებენ. ისინი თუ დატოვებენ უკეთესიც იქნება და ვისაც რაიმეს კეთება უნდა უნდა, რა თქმა უნდა პარლამენტში უნდა დარჩნენ და მანდატით დაკისრებული პასუხისმგებლობა შეასრულონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ გამარჯვების მოპოვების ერთადერთი გზა გაერთიანებაზე გადის.
მარგველაშვილმა თქვა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც თანამშრომლობაზე იტყვის უარს, მოახდენს ამ ხელისუფლების ლუსტრაციას, გამოიყვანს ოპოზიციას პარლამენტიდან და დაძაბავს სიტუაციას, არის პოზიტიური და მისაღები.
„უნდა იმოქმედო. პირველი – რა თქმა უნდა, პარლამენტი უნდა იქნეს დატოვებული. ეს არ გადაწყვეტს სიტუაციას, მაგრამ, ნამდვილად, ეს დაძაბავს სიტუაციას და ეს მოახდენს ლუსტრაციას. ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, რომელთა 24-საათიან ლანძღვას ვიგებთ ხელისუფლებისგან, ძალაუნებურად წამოგვყვებიან ამ ნაბიჯში“, – თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.