ამერიკელმა კაცმა 4 ადამიანი ცეცხლწაკიდებული სახლიდან გამოიყვანა მას შემდეგ რაც შემთხვევით შესახვევი შეეშალა. New York Post-ის ინფორმაციით, ხანძარი მძღოლმა სწორედ გზის არევის შემდეგ შეამჩნია.
ბრენდონ ბირტი გვიან ღამით ბრუნდებოდა სახლში და სიბნელეში არასწორად შეუხვია. მალევე მან დაინახა, რომ ერთ-ერთ სახლს ცეცხლი ეკიდა.
„მე ვიფიქრე, რომ სახლში აუცილებლად იქნებოდა ვინმე, რადგან გვიანი საღამო იყო. მე ვიცოდი, რომ სწრაფი მოქმედება იყო საჭირო,“ – იხსენებს კაცი. ამერიკელმა სახლთან მიირბინა, ფანჯარაზე დაიწყო კაკუნი და თან ყვიროდა: „ხანძარი!“
ბირტი იხსენებს, რომ ცეცხლი ყოველ წამს უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მალე ქუჩაში სამმა ბავშვმა გამოირბინა, მათი ასაკი 8, 14 და 17 წელი იყო. ამ დროისთვის ნახევარი სახლი უკვე ხანძარში იყო გახვეული. მალევე ბავშვებს უკან მათი 22 წლის ძმა მოყვა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ სახლში სახანძრო სიგნალიზაცია ჰქონდათ, თუმცა სისტემამ არ იმუშავა. მაცხოვრებლები სწორედ უცნობის ყვირილმა გააღვიძა. შემთხვევის დროს ბავშვების მშობლები ქალაქგარეთ იყვნენ წასულები.
ცეცხლმა სახლი სრულად გაანადგურა და შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს.