LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შესახებ კონკურენციის სააგენტოში ერთ დღეში სამი განაცხადი შევიდა

63
ირაკლი ლექვინაძე

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შესახებ კონკურენციის სააგენტოში სამი განაცხადი დარეგისტრირდა, მათგან ერთი ონლაინვაჭრობას ეხებოდა, ორი კი ფიზიკური ვაჭრობის შემთხვევას.

„ეს იყო ტექნიკისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები. ჩვენი გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით და განიხილავს საჩივრების დასაშვებობას. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყოველთვიურად გამოვაქვეყნებთ სტატისტიკას განაცხადების რაოდენობის, შინაარსისა და გეოგრაფიის შესახებ, რათა მოქალაქეები ინფორმირებულები იყვნენ, რა ტიპის და როგორ ხდება განაცხადების მიღება“, – განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, უკვე მოქმედებს ცხელი ხაზი, ასევე, არის სპეციალური ელექტრონული მისამართი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართვის გაკეთება.

„დადგენილი ფორმა განთავსებულია ჩვენს გვერდზე, თუ რა ინფორმაცია უნდა წარადგინოს, რომ საქმის წარმოება დაიწყოს. განაცხადი მოიცავს რამდენიმე მონაცემს, მოვაჭრის დასახელებას, განმცხადებლის ძირითად მონაცემებს, პრობლემის აღწერას და არსებობის შემთხვევაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა – სქრინებივიდეო-ფოტო მასალა, რომელიც ასახავს ამ პროდუქტის თუ საქონლის მუშაობის პროცესში გამოვლენილ ხარვეზს.

განაცხადის მიღებიდან 10 დღის ვადაში კონკურენციის ეროვნული სააგენტო განიხილავს ამ განაცხადის დასაშვებობას და ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს ერთი თვის ვადა. ერთი თვის ვადაში უნდა განვიხილოთ საკითხი და მივიღოთ გადაწყვეტილება, ჰქონდა დარღვევას ადგილი ან არ ჰქონდა. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მოქალაქე მართალია და დარღვევა უფიქსირდება, პირველ ეტაპზე მოვაჭრეს ვაფრთხილებთ, რომ დაგიდგინდათ დარღვევა და გონივრულ ვადაში მოქალაქესთან მიმართებით აღმოვფხვრათ აღნიშნული პრობლემა. გონივრულ ვადაში თუ საკითხის მოგვარება არ ხდება, ასეთ შემთხვევაში განსაზღვრულია საჯარიმო სანქციები, ჯარიმა მოიცავს კომპანიის წინა წლის ფინანსური ბრუნვის 2%-მდე მაჩვენებელს, რაც საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია და ნებისმიერი კომპანია ეცდება, მოქალაქესთან მიმართვაში იყოს კომპრომისული და საკითხი მოგვარდეს, რათა ამას უფრო მძიმე შედეგი არ მოყვეს.

ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში როდესაც მოდის ადამიანი პრეტენზიის დასაფიქსირებლად და ეს ეხება არა მხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ უფრო ფართო ჯგუფს, მაგალითად ტექნიკის ყიდვის შემთხვევაში, თუ აღმოვაჩინე ქარხნული წუნი, ასეთი ტიპის საკითხები იქნება შესწავლის საგანი კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში. ერთ კონკრეტულ მოქალაქეს თუ ეხება და არ ფარავს სხვა მოქალაქეების ჯგუფურ ინტერესს, კონკურენციის ეროვნული სააგენტო არ არის ვალდებული მსგავსი ტიპის საკითხის შესწავლა დაიწყოს.

ჩვენი გადაწყვეტილების შემდეგ, თუ მოვაჭრე და მოქალაქეც არ ეთანხმება ჩვენს გადაწყვეტილებას, შეუძლიათ, მიმართონ სასამართლოს და იქ გააგრძელონ დავა.

კანონის მიზანია მაქსიმალურად დაიცვას მოხმარების ინტერესები და ჩვენი მიზანიც არის ის, რომ ყველა მოქალაქის ინტერესი იყოს დაცული, ყველა მოვაჭრე ფიზიკური თუ იურიდიული პირი, იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული აღნიშნული კანონის ძირითადი უფლებების შესახებ, რომ დარღვევების პრევენცია მოვახდინოთ“, – განაცხადა ლექვინაძემ.

magti 5g