საქართველოში იაპონიის საელჩოსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით იაპონური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ღონისძიება იაპონია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე საიუბილეო წელს დაემთხვა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, ფორუმი მიზნად ისახავდა იაპონია-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და მასში მონაწილე ქვეყნების ბიზნეს წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს, იაპონიის და აზერბაიჯანის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, მონაწილე ქვეყნების ხელისუფლებების მაღალი რანგის თანამდებობის პირები და სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.
ფორუმის მსვლელობისას საუბარი შეეხო მდგრად ბიზნეს გარემოს და მის მნიშვნელობას, რეგიონის სავაჭრო პოტენციალსა და ენერგეტიკულ და კლიმატთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ფორუმის მონაწილე მხარეებმა რეგიონში არსებული ბიზნეს გამოწვევები და შესაძლებლობები დეტალურად განიხილეს.
„იაპონია არის მესამე ეკონომიკა მსოფლიოში და რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია ამ ორ ქვეყანას შორის როგორც დიპლომატიური ურთიერთობების, ასევე ბიზნეს საქმიანობის კიდევ უფრო გაღრმავება და გაძლიერება. ჩვენ მზად ვართ ახალი ბიზნეს კავშირებისა და თანამშრომლობისთვის, რაც პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გვყავს რამდენიმე იაპონური კომპანია და ვიმედოვნებთ, რომ ბიზნეს ასოციაციისა და იაპონიის ერთობლივი ბიზნეს ფორუმი შექმნის ახალ შესაძლებლობებს იაპონიიდან ინვესტიციების მოსაზიდად“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.