სახალხო დამცველობის კანდიდატის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ომბუდსმენის კანდიდატურის შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ამასთან, კანდიდატურას არ მოხსნის.
აღნიშნულის შესახებ ჯანეზაშვილმა დღეს, პარლამენტში მის მოსმენამდე რამდენიმე საათით ადრე, ბრიფინგზე განაცხადა.
„არ ვაპირებ მოვხსნა კანდიდატურა, თუმცა არ ვაპირებ, რომ მონაწილეობა მივიღო გასაუბრებაში. ჩემი ინტერესი იმისა, რომ მიმეღო ამ პროცესში მონაწილეობა, განაპირობა იმან, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით.
სამწუხაროდ, გასაუბრების პროცესმა მე არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ისინი რეალურად ისახავენ მიზნად შეარჩიონ კანდიდატი, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის მისაღები, დამოუკიდებელი, პრინციპული, კვალიფიციური და დააკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშეა.
ეს პროცესი მე მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არ ემსახურება, რეალურად, გასაუბრების საფუძველზე შეარჩიონ კანდიდატი. მგონია, რომ ეს არის ერთგვარი შოუ.
კანონით, რეგლამენტით, არ არის სავალდებულო გასაუბრებაზე გასვლა. ამიტომ, მე ვიყენებ ამ შესაძლებლობას“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ამასთან, ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტში კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში ინტერესთა კონფლიქტზე ისაუბრა და თქვა, ერთ-ერთი კანდიდატი, პარლამენტის წევრი, იაგო ხვიჩია სხვა კანდიდატებს დეპუტატის მანდატით შეკითხვებს უსვამს.
„ამ პროცესში არის ინტერესთა კონფლიქტი და ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ პარლამენტის მოქმედი წევრი იაგო ხვიჩია არის ერთ-ერთი კანდიდატი, მას არ დაუყენებია თვითაცილების საკითხი, ის იღებს მონაწილეობას გასაუბრებაში და მისი გუნდი ასევე სვამს შეკითხვებს და, რა თქმა უნდა, ისინი იქნებიან გადაწყვეტილების მიმღებნი, როდესაც დადგება კანდიდატის არჩევის დრო“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.
ჯანეზაშვილის შეფასებით, ეს მიუღებელია. სახალხო დამცველობის მსურველი მიიჩნევს, რომ იაგო ხვიჩიას თვითაცილება უნდა დაეყენებინა ან პროცედურით ინტერესთა კონფლიქტი უნდა არიდებულიყო.
მისივე თქმით, გუშინ საღამოს მან და სხვა კანდიდატებმა მიიღეს შეთავაზება, მივიდნენ იაგო ხვიჩიას გასაუბრებაზე და დაუსვან მას შეკითხვები.
„ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის, რადგან აშკარაა, პარლამენტის მოქმედ წევრს აყენებენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში.
ერთი მხრივ, ის მონაწილეობდა სხვების გასაუბრებებში, სვამდა შეკითხვებს, ამავდროულად, მის გასაუბრებაში სრულიად განსხვავებულ რეჟიმის გვთავაზობენ.
ეს დამოკიდებულება არ არის მიზანშეწონილი, უნდობლობას იწვევს და საზოგადოებაში აჩენს ეჭვს, რატომაა ორმაგი სტანდარტი პარლამენტის წევრსა და სხვა კანდიდატებთან მიმართებაში.
როგორც იცით, მთელი გასაუბრების განმავლობაში პარლამენტის წევრები ცდილობდნენ, გაეგოთ, არის თუ არა კანდიდატი პოლიტიზებული.
ხვიჩია: ჩემი კოლეგების თავში რაიმე რაციონალური თუ არსებობს, სახალხო დამცველად უნდა ამირჩიონ
ვხედავთ, რომ ოფიციალურად პარლამენტის წევრი არის კანდიდატი და ამ საკითხს არ მიცემია შეფასება უმრავლესობის მხრიდან. ჩემთვის ეს არის მიუღებელი სტანდარტი.“ – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მისთვის დღეს უნდა მოესმინა. იგი სამოქალაქო სექტორმა წარადგინა კიდევ ორ კანდიდატთან, გიორგი ბურჯანაძესთან და ანა აბაშიძესთან ერთად.
ცნობისთვის, სახალხო დამცველების კანდიდატების მოსმენა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 25 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება. კენჭისყრა გაიმართება მას შემდეგ, რაც დეპუტატები ყველა კანდიდატს მოუსმენენ.
რაც შეეხება მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. ომბუდსმენის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.