LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაბიჯი კაცობრიობის პროგრესის ისტორიაში: უდიდესი და უძველესი ავტომუზეუმი

90

ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მდებარეობს ლოუმენის მუზეუმი – მსოფლიოში უძველესი კერძო საავტომობილო მუზეუმი.

ლოუმენის მუზეუმი არის ადგილი, სადაც 130-წლიანი პროგრესი, ინოვაცია და დიზაინი 275-ზე მეტი დიდებული მაგალითის უნიკალური კოლექციითაა ხაზგასმული.

მთელი კოლექცია ინახება მაიკლ გრეივის დიზაინით შექმნილ მუზეუმში, რომლის ფართობიც 16 ათასი კვადრატული მეტრია და ულამაზესი ბაღებითაა გარშემორტყმული.

კოლექცია 1934 წლიდან მოყოლებული ლოუმენების ოჯახის ორმა თაობამ შეაგროვა.

კოლექციის ამჟამინდელი მფლობელია ევერტ ლოუმენი, „ლექსუსის“, „ტოიოტასა“ და „სუძუკის“ იმპორტიორი. 2003 წელს შემოიღეს სახელწოდება „ლოუმენების კოლექცია“.

2010 წლის 3 ივლისს ჰააგაში მდებარე მუზეუმი, რომელსაც ლოუმენის მუზეუმი ეწოდა, ნიდერლანდების დედოფალმა ბეატრისმა გახსნა, რომლის ყოფილი სახლი მუზეუმის გვერდით მდებარეობს.

მუზეუმში თავმოყრილია მსოფლიოში 1910 წლის შემდეგ გამოშვებული მანქანების ყველაზე დიდი კოლექცია. აქ არის ჰოლანდიური მარკის „სპაიკერის“ დარჩენილი 15 კლასიკური ავტომობილი.

კოლექცია ძალიან ინტერნაციონალურია და 275 ძველებურ ავტომობილს მოიცავს. საინტერესოა, რომ მათი 80% მუშა მდგომარეობაშია.

კოლექცია თემატურად არის დაჯგუფებული. პირველი ავტომობილებიდან 1914 წლამდე მეორე სართულზეა, სპორტული ავტომობილები პირველზე. „ბუგატის“ დარბაზი ასევე პირველ სართულზე.

ავტომობილები კლასიფიკაციის მიხედვით არის დაყოფილი:
Veteran/ვეტერანები (1885-1905)
Edwardian/ ედვარდიანელები(1906-1919)
Vintage/ვინტაჟური (1920-1930)
Pre-War/ომამდელი (1931-1945)
Post-War/ომის შემდგომი (1946-1980)
Modern/თანამედროვე (1981-2013).

ლოუმენის მუზეუმი სტუმრებს მრავალფეროვან სანახაობას სთავაზობს, რათა მანქანების უზარმაზარი კოლექცია კიდევ უფრო სრულყოფილი გახადოს. ეს დამხმარე კოლექციებია – მინიატურული მოდელები, პოსტერები, ჯილდოები და საავიაციო ქმნილებებიც კი.

კოლექცია მოიცავს მსუბუქ და სახანძრო ავტომობილებს, მოტოციკლებს, უნიკალურ ველოსიპედებს – პირველი ვაგონებიდან თანამედროვე ჰიბრიდულ ავტომობილებამდე. ყველაზე პოპულარულია სარბოლი მოდელები და ავტომობილები, რომლებიც ცნობილ ადამიანებს უკავშირდება.
მათ შორისაა უინსტონ ჩერჩილის ავტომობილი, ჯეიმს ბონდის „ასტონ მარტინი“, ელვის პრესლის „კადილაკი“, ფილმ „ნათლიას“ გადაღებაზე გამოყენებული „ლინკოლნი“.

აქ დაცულია მსოფლიო უძველესი ჰიბრიდი, პირველი 6-ცილინდრიანი 4-ამძრავიანი ავტომანქანა, ექსკურსიის ბოლოს კი აღმოჩნდებით ულამაზეს კაფეში, რომელიც 1930-იანი წლების ჰააგას იმ ქუჩის ანალოგია, სადაც ლოუმენების ოჯახი ცხოვრობდა.

ექსკურსია ზემოდან, მესამე სართულიდან იწყება და წინასწარ შერჩეულ მარშრუტს მიუყვები.
შეუძლებელია ყველა მოდელის ჩამოთვლა, ყველაზე ცნობილი მარკების საუცხოო ნიმუშებს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ ლეგენდები აღვნიშნოთ: ბენცი, ოსტინი, დაიმლერი, დარაკი, დე დიონ ბუტონი, დელაი, დესოტო, ისპანო-სუიზა, იზოტა-ფრანჩინი, ლაგონდა, ლოიდი, მაკლარენი, ოლდსმობილი, პაკარდი, პანარ-ლევასორი, პლაიმოუთი, ტრაბანტი, სპაიკერი და სხვა უიშვიათესი და ექსკლუზიური ავტომობილები.

არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც ასეთ ცნობილ და განსაკუთრებულ ავტომობილებთან ასე ახლოს შეძლებთ მისვლას. აქ ნამდვილად შეგიძლიათ იგრძნოთ და გამოსცადოთ პროგრესის ისტორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g