LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრეფიკინგის მსხვერპლი ქართველები საზღვარგარეთ და დაცვის მექანიზმები – რა უნდა იცოდეთ ემიგრაციაში წასვლამდე

680
ტრეფიკინგი მთავარი

ადამიანით ვაჭრობა ანუ ტრეფიკინგი ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი მძიმე ფორმა და სერიოზული დანაშაულია. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი. განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ქალები და ბავშვები, რომლებიც შრომითი ტრეფიკინგისა და სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლებად გვევლინებიან.

საქართველო, როგორც ვიცით, წარმოადგენს სატრანზიტო ქვეყანას, რაც ორმაგად აძლიერებს კონკრეტულად სექსუალური ტრეფიკინგის რისკს. ამ კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ტურისტულ რეგიონებზე, სახელმწიფომ აქტიურად მოახდინოს საინფორმაციო შეხვედრები და გაააქტიუროს მუშაობა შესაძლო დანაშაულის გამოვლენისა და შემდგომში ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით.

კიდევ ერთი მიმართულება – შრომითი ტრეფიკინგია. ბოლო პერიოდში საქართველოდან ემიგრაციის ზრდასთან ერთად, გაიზარდა ტრეფიკინგის საშიშროებაც, რადგან როგორც ცნობილია, მოქალაქეები ყველანაირი გზით, მათ შორის არალეგალურად ცდილობენ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლას. არის შემთხვევები, როცა კონკრეტული კომპანიები ადამიანებს ჰპირდებიან, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მოაწყობენ სამუშაო ადგილზე ამა თუ იმ ქვეყანაში, ამისთვის წინასწარ ითხოვენ პასპორტს, თანხას და პირს.

ფაქტობრივად, არ აქვს გარანტია, რომ კომპანია კეთილსინდისიერად შეასრულებს დანაპირებს. მით უმეტეს, ასეთი შემთხვევების დროს, უმეტესად, ზეპირი შეთანხმება ხდება და მხარეებს შორის ხელშეკრულება არ იდება. სწორედ ამიტომ ჩვენ იურისტებს ვთხოვეთ, მთავარი რჩევები მოეცათ თქვენთვის, ვინც ემიგრაციაში წასვლას ფიქრობთ. მანამდე კი მოგიყვებით, როგორ ებრძვის სახელმწიფო ამ პრობლემას და ტრეფიკინგის რა კონკრეტული ფაქტები გახდა ბოლო დროს ცნობილი.

 

სახელმწიფო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში

 

ადამიანით ვაჭრობის ანუ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი აღმოფხვრა, ზოგადად, სახელმწიფო უწყებების მხრიდან კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. როგორ მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა, ამისთვის ჩვენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებს გადავხედეთ.

ვნახეთ 2020 წლის ანგარიში, რომელიც police.ge-ზეა განთავსებული, თუმცა მანამდე კიდევ უფრო ადრინდელ ანგარიშს გაგაცნობთ.

აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის 27 ივნისის ანგარიშში, საქართველო 2016 წლის მსგავსად, კვლავ პირველ კალათაშია და მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს იმ ქვეყანათა შორის, რომლებიც მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ. ანგარიშში აქცენტი კეთდება ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიებაზე, პრევენციასა და სახელმწიფოს მხრიდან გატარებულ მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის, მონაცემების შეგროვებისა და დაზარალებულთა დახმარების კუთხით განხორციელებული საქმიანობა 2016 წელს დადებითად შეაფასა აგრეთვე, ტრეფიკინგის საკითხებში ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა (GRETA). ანუ როგორც ჩანს, ამ კუთხით, ჯერ კიდევ 2016 -2017 წლებში საქართველო პრობლემის აღმოფხვრის კუთხით მოწინავე პოზიციებზე იყო.

რაც შეეხება 2020 წლის ანგარიშს, დოკუმენტში საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების შეფასების უმაღლეს საფეხურზეა.

ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით შეფასებული 190 სახელმწიფოდან, საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების ე.წ. პირველ კალათაში ინარჩუნებს ადგილს, სხვა 34 ქვეყანასთან ერთად. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის დადგენილ სტანდარტებს.

დოკუმენტში პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სპეციალიზებული დანაყოფის არსებობა და მობილური ჯგუფების გაზრდის დადებით მხარე. ასევე, ხაზგასმულია აჭარის რეგიონში სპეციალისტთა ჯგუფის „TASK FORCE” ფუნქციონირება სპეციალიზებული გამომძიებლებისა და პროკურორების მონაწილეობით. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის გამოვლენის, ტრეფიკიორთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისა და მსხვერპლთა დახმარების მიზნით სამართალდამცავ უწყებათა ძალისხმევის გაძლიერება.

დოკუმენტის მიხედვით, ტრეფიკინგის ტენდენციად კვლავ ნარჩუნდება შუა აზიის ქვეყნებიდან ქალთა ყალბი დაპირებებით ჩამოყვანა და შემდგომ მათი სექსუალური ექსპლუატაცია საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს გავლით, მეზობელ ქვეყნებში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეები ექსპლუატაციის მსხვერპლნი ხდებიან იმ ქვეყნებში, სადაც ისინი შრომითი მიგრაციით მიემგზავრებიან.

                                                                         

ტრეფიკინგის ფაქტები ემიგრაციაში წასვლის შემდეგ

 

აქამდე ვსაუბრობდით, რა ნაბიჯებს დგამს საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე. ახლა განვიხილოთ შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქე ემიგრაციაში მიდის და ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება. დაახლოებით, სამი კვირის წინ მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ისტორია ქალის, რომელიც მძიმე ამბებს ჰყვებოდა.

“ტვ პირველთან” საქართველოს მოქალაქე ჰყვებოდა, რომ ის სტამბოლში გაყიდეს და მოტყუებით ბელგიაში გააგზავნეს. მედიასაშუალება ქალზე დაყრდნობით წერდა, რომ მას პასპორტი და ტელეფონი წაართვეს და სარდაფში გამოკეტეს. მათივე ცნობით, დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობაც. მომხდარზე ინფორმაცია ბელგიის პოლიციას უკვე აქვს.

“დამირეკა, რომ იყო სამუშაოა, ძალიან მაღალი ხელფასით, დიპლომატების ოჯახში. მოტყუებით გამოშვებული აღმოვჩნდი.  41 წლის ქალი ვარ და ასეთი გიჟი ცხოვრებაში არც მინახავს და არც გამიგია. უკვე ვიცოდი, რომ უნდა მოვეკალი. არ ვიცი, დეტალებს რომ ვიხსენებ, როგორ გადავრჩი, თავი როგორ გადავირჩინე… ძალიან ცუდად ვარ… ეს 10 დღე ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად ვიყავი. საკუჭნაოში მომათავსეს.. ოფისი ყიდის. წინასწარ გიშვებს, უკვე თქვენი ფული აღებული აქვს, – ამბობს საქართველოს მოქალაქე “პირველებთან”. 

ამავე ინტერვიუდან გაირკვა, რომ მოგვიანებით, გამოკითხვაზე გადაყვანას ელოდა. საქმეში ჩართული იყო ჩვენი საკონსულოც.

 

 რა უნდა იცოდეთ ემიგრაციაში წასვლამდე

 

ამ კონკრეტული ისტორიის საფუძველზე და ემიგრაციის მზარდი მასშტაბების გამო, გადავწყვიტეთ რჩევები იურისტისთვის გვეკითხა. “ფორტუნას” კითხვებს  “სი ელ ესის” მმართველი პარტნიორმა აბელ გეგიამ უპასუხა. 

“დავიწყოთ იმით, რომ ემიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი ცხადია, არის სიღარიბე. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს ის რისკები, რაც არალეგალურ ემიგრაციას თან ახლავს. პირველ რიგში, ვიცით, რომ არსებობს კომპანიები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ის ყველაფერს უზრუნველყოფს. ასეთ დროს, ამ კომპანიას უნდა მოსთხოვონ კონტრაქტი, ინფორმაცია – რა მარშრუტით წაიყვანს, ვინ დახვდება, ვინ და სად დააბინავებს და საერთოდ, რა ვალდებულებას იღებს კომპანია.

უმეტესად არის ზეპირი გარიგებები, როცა კომპანიას არაკეთილსინდისიერად მოქცევა აქვს ჩაფიქრებული, ის კონტრაქტს არ გააფორმებს, ადამიანს კი, რომელსაც უჭირს და წასვლა უნდა, ხშირად, ყველაფერს თანხმდება.

მაინც უნდა მოვიკითხოთ კონტრაქტი, ახლობლებშიც, ინტერნეტშიც მოვიძიოთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ. თუ მაინც ითხოვს პასპორტს კომპანია, ნოტარიულად დამოწმებული ასლი მივუტანოთ და არა დედანი. მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების გზები. არსებობს ე.წ. უკონტროლო ტერიტორიები, რაც შეიძლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, როცა მოქალაქე მექსიკის გავლით მიდის აშშ-ში. 

შესაძლოა, პირი, თავდაპირველად ლეგალურად ჩავიდეს, ტურისტული ან სასწავლო ვიზით და დარჩნენ. უნდა იცოდეთ, რომ ყველა ქვეყნის საემიგრაციო სამსახური პერიოდულად ეძებს ხოლმე არალეგალებს, შემდეგ გადაჰყავთ დროებითი დაკავების იზოლატორში, შემდეგ კი ხდება დეპორტაცია”, – აცხადებს იურისტი.

მისივე ინფორმაციით, არიან ასევე ადვოკატები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებს ემსახურებიან და საზღვრის კვეთისთანავე, იურისტი გირჩევთ, რომ ადგილზე მყოფი უფლებადამცველები მოიკითხოთ და მათთან მუდმივი კონტაქტი გქონდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g