LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა შემოქმედებითი საღამო გამართა

455
სიქსტის-კაპელა

ვატიკანში სიქსტის კაპელასა და წმინდა პეტრეს ტაძარში გამართული ისტორიული კონცერტის შემდეგ ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის პირველი შემოქმედებითი საღამო და მგალობელთა გუნდისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების ცერემონია გაიმართა.

კონცერტს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, რომელსაც ასევე დაესწრნენ: ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ვატიკანის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ჟოზე აველინო ბეტანკური და ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი.

სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა (სოლისტები – ზვიად მიჩილაშვილი, გიორგი ხუნაშვილი, ირაკლი ტყვაცირია, სოლომონ გოგილაშვილი, თორნიკე პაპიძე, ვანო დვალიშვილი) სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით საგალობლები და თანამედროვე ავტორთა ნაწარმოებები შეასრულა. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ: მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი, ასევე, ზვიად ბოლქვაძე, გიორგი ცაგარელი, ლიზი რამიშვილი, ქეთევან ქართველიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი და ვადიმ შიშკინი.

საღამოს ბოლოს სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების ცერემონია გაიმართა. ეს სტატუსი ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე ვატიკანში წარმატების შემდეგ მიენიჭა და მას „საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი“ ეწოდა.
სსიპ „საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი“ 2022 წლის დეკემბრიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში გააგრძელებს საქმიანობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g