2021 წლის განმავლობაში აშშ-ის საიმიგრაციო ვიზა საქართველოს 652-მა მოქალაქემ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ visualcapitalist აქვეყნებს. რეიტინგის მიხედვით, საქართველოს სხვა სახელმწიფოებს შორის 65-ე ადგილზე იმყოფება.
მონაცემები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს ანგარიშებს ეფუძნება. Forbes.ge-ს შეერთებული შტატების საიმიგრაციო ვიზის მიღებასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.
სტატიის მიხედვით, აშშ-ის მიერ საიმიგრაციო ვიზის გაცემა ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკის ნაწილია.
“აღსანიშნავია, რომ არსებობს ორი კატეგორიის ვიზა: საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო.
არასაიმიგრაციო ვიზა დროებითი სამსახურებრივი საქმიანობის ან სამოგზაურო მიზნებისათვის გაიცემა. სამსახურებრივი მიზნით ამგვარი ვიზის მიღება ვადით იზღუდება და არ წარმოადგენს მწვანე ბარათის ან მოქალაქეობის მიღების წინაპირობას. არასაიმიგრაციო ვიზას ტურისტული მიზნებით მოგზაურთა გარდა იღებენ პრესის წარმომადგენლები, დიპლომატიური წარმომადგენლები, უცხო ქვეყნის სამხედრო პერსონალი, სპორტსმენები და სხვა.
რაც შეეხება საიმიგრაციო ვიზას – ისიც ორგვარია: სამუშაო საფუძვლის მქონე ან ოჯახური საფუძვლის მქონე. განსხვავება კი ის არის, რომ საიმიგრაციო ვიზის მიღმა აშშ-ში მუდმივად ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მოპოვების შესაძლებლობა დგას. ეს უკანასკნელი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მწვანე ბარათის ან მოქალაქეობის მიღების სახით ხდება”, – აღნიშნულია სტატიაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, სულ გასულ წელს 285,000 საიმიგრაციო ვიზა გაიცა. მათგან ყველაზე მეტი, 40,597 მექსიკის მოქალაქეებმა მიიღეს. აშშ-ის მიერ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებზე გაცემული საიმიგრაციო ვიზების რეიტინგში მეორე ადგილზე 18,501 გაცემული ვიზით ჩინეთი იმყოფება. სიაში მესამე პოზიციაზე მოხვდა დომინიკის რესპუბლიკა (17,941). რაც შეეხება ხუთეულს, მას ფილიპინები (15,862) და ავღანეთი (10,784) ავსებენ.
წყარო: Forbes.ge