რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა, „დიდი რელიზის“ სტუმარია მუსიკოსი, გიორგი დათიაშვილი, რომელმაც ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა და სიმღერა, Monkeys in the car დააპრემიერა.
გვესაუბრე ახალი მუსიკალური პროექტის, Monkey Business-ის შესახებ,
მე დავბრუნდი, თანაც მარტო არა, ძალიან მაგარ მუსიკოსებთან ერთად. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ჩვენ მუსიკალური ჩარჩოები არ აქვს, ეს ძალიან მახარებს. ის რომ ახლა ყველაზე რეიტინგულ რადიოში ვზივარ, ეს უკვე ძალიან მაგარი შედეგია. ვფიქრობ, რომ ლოდინი ღირდა. უკვე ჩავწერეთ არაერთი სიმღერა. შემოქმედებითად ახლა ვარ ზუსტად ჩემს ნატვრებში, ჩემს ოცნებებში და ის პერიოდი მაქვს, როცა ვაკეთებ იმას, რას არასდროს გამიკეთებია, ახლა ვარ ყველაზე კომფორტულად. ადრე ვფიქრობდი ხოლმე, რომ პოპ-სიმღერა უნდა გამეკეთებინა, რადგან ეს მოთხოვნადი იყო, ახლა ყველაფერი დაიმსხვრა, ვაკეთებთ იმას, რაც მოგვწონს და ყველაზე მეტი შედეგი დაიდო ასე. თუ ვინმეს აქამდე მოსწონდა გიორგი, ათმაგად მოეწონება ეს ნამუშევრები. ეს არის ჩემი ჩაკეტილი სურვილების ასრულება. ვერ დავაკნინებ ვერც პოპს, ვერც ქართულ ფოლკლორს, თუმცა აი შინაგანად, როცა სხვა რაღაცისკენ მიილტვი, აი ეს მჭირდა. მე ახლა ჩემს კომფორტზე გადავერთე და ეს ძალიან მომწონს. ყველაზე მეტად ალალი სწორედ ამ ჟანრში ვარ.
შენ გამოჩნდი მაშინ, როცა შენ ძალიან პატარა იყავი,
ჩემმა ორმა სიმღერამ დიდი ოვაციები გამოიწვია, „მაესტროზე“ „პირველ სტერეოზე“ გადიოდა ხოლმე, სიმღერა, „მინდა იყო ჩემი მზე“. ჩვენი ბენდის ერთ-ერთი დადებითი მხარე ის იქნება, რომ მხოლოდ საავტორო სიმღერებს გავაკეთებთ. გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ახალი სიმღერები დავწეროთ.
გვესაუბრე ახალ სიმღერაზე – Monkeys in the car,
ამ სიმღერის უკან დგას ცოცხალი ბენდი. თითქოს თითოეული ინსტრუმენტი გველაპარაკება. უნდა ვახსენოთ ეს ბიჭები. ბას-გიტარაზე უკრავს გიორგი ჭეხანი, „ქიბორდი“-ჯიმი ირემაძე, დასარტყამი – დათა მუნჯიშვილი, ელექტრო გიტარა – აჩი შრედერი, კლავიშზე კი მე. ახალი სიმღერის იდეა გაჩნდა უცბად, ყავის ჭიქით ხელში, მივხვდი, რომ ეს სიმღერა უკვე დაწერილი მქონდა. დავურეკე ბიჭებს და ფრთები შევასხით. ტექსტს რაც შეეხება, მისი ავტორია თემო ლობჟანიძე, ჩვენი მეგობარი და კოლეგა, რომელსაც აი ასე, არანორმალურად ავუხსენი რაც მინდოდა, მანაც ზუსტად ორ დღეში დაწერა უმაგრესი ტექსტი, თან იმხელა ტექსტი რომ იქიდან კიდევ სამი სიმღერა გამოვა. ისე საოცრად შეასრულა თავისი მოვალეობა, რომ ნამდვილად „რესფექთ“.
ვახსენოთ გვანცა გადაბაძე, შენი მეუღლე, რომელიც შენი მთავარი მხარდამჭერია,
ის ძალიან კრიტიკულია და დიდი მადლობა მას იმისთვის რომ ასეთია, რომ არა ის, არაფერი გამოვიდოდა. ჩემი პირველი შემფასებელი ცხადია ის არის. მას ყველაფერს ვასმენინებ და ამას ითმენს. მე რობერტ ბარძიმაშვილის ფრთის ქვეშ ვიყავი და დღეს რომ სტუდიაზე რაიმეს ვსაუბრობ, ეს მისი დამსახურებაა. იმიტომ, რომ ჩემი კლავიშთან დამოკიდებულება მისი დამსახურებაა. მან რომ ნახა ჩემი მოწადინება, ხმის ჩამწერ სტუდიაში მიმიყვანა და მითხრა, რომ ეს უნდა შემესწავლა. ის სულ მეუბნებოდა, რომ ერთი ნაბიჯით მუდამ წინ უნდა იყოო, ეს ფრაზა მუდამ მახსოვს. მე მისგან უამრავი რამ ვისწავლე და დღემდე ვსწავლობ.
რა არის თქვენი შემდეგი ნაბიჯი?
შემდეგი ეტაპი არის ამ სიმღერაზე ვიდეოკლიპი, რომლის სცენარზეც მუშაობა უკვე დასრულებულია. დეტალები დაგვრჩა მოსაგვარებელი. ძალიან მალე ძალიან მაგარ კლიპს დავდებთ. ჩვენ კიდევ ერთი სიმღერა გამოვუშვით, მას ჰქვია „1001“, ძალიან მაგარი ტექსტი დაგვიწერა ასევე ჩვენი მაგარმა მეგობარმა, გიორგი არჩვაძემ. ამ სიმღერის დიდი ნაწილი სწორედ ტექსტმა თქვა, ეს არის „ალტერნატივა“, „პროგრესივ როკი“. მრავალი შეთავაზება გვექნება წინ. თაროზე შემოდებული სიმღერებიც გავაცოცხლეთ. ვიტყვი, რომ ჩაწერთ მსოფლიო დონის სტანდარტებით. სტუდია გვაძლევს იმის საშუალებასაც, რომ სიმფონიური ორკესტრიც კი ჩავწეროთ. ასე რომ გელოდებით, – „ფორტუნა რეკორდსი“ და GD Production, ჩვენი ერთობლივი ლეიბლი.