საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების ანაზღაურება, ყოველწლიურად, 10%-ით გაიზრდება.
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, საჯარო სექტორში არსებული სახელფასო პოლიტიკა კერძო სექტორის მაჩვენებლებს საგრძნობლად ჩამორჩება და ეს სხვაობა 2026 წლამდე უნდა აღმოიფხვრას. მისი თქმით, სამიზნე მაჩვენებლით, საჯარო სექტორში ხელფასის დონე კერძო სექტორის ხელფასის 80%-90%-ის დიაპაზონში უნდა იყოს, თუმცა ამჟამად ის კერძო სექტორის ხელფასის მხოლოდ 74%-ს შეადგენს.
“მომდევნო წლების განმავლობაში ხელფასები, ყოველწლიურად, უნდა გაიზარდოს 10%-ით, რათა მიღწეული იყოს ის პარამეტრები, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. ეს შინაარსობრივად ნიშნავს, რომ 2023, 2024, 2025 წლებში იქნება ზრდები. ეს პარამეტრები განიხილება ბიუჯეტის წარდგენის დროს,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.