უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ „საშობაო ზავის“ გამოცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ პუტინს შობის გამოყენება უკრაინის ჯარის წინსვლის შესაჩერებლად სურს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, მსოფლიოში ყველამ იცის, როგორ იყენებს კრემლი შესვენებას ომში.
„ახლა მათ სურთ შობა გამოიყენონ, როგორც საფარველი, რათა შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში ცოტა ხნით და ჩვენს პოზიციებთან გადაიყვანონ მობილიზებულები, აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა. მსოფლიოში ყველამ იცის, როგორ იყენებს კრემლი შესვენებას ომში, რათა განახლებული ენერგიით განაგრძოს ბრძოლა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ აშშ და გერმანია უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს – „ბრედლის“ და „მარდერს“ გადასცემენ. ბერლინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასევე გადასცემს საზენიტო კომპლექსის, „პატრიოტის“ კიდევ ერთ ბატარეას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი.
პუტინმა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა
კრემლი ასევე მოუწოდებს უკრაინას, შეწყვიტოს ცეცხლი, რათა „საბრძოლო მოქმედებებში მცხოვრებ მართლმადიდებელ მოქალაქეებს დღესასწაულზე ეკლესიებში მისვლა უსაფრთხოდ შეეძლოთ“.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა და კანცლერმა შოლცმა მზადყოფნა გამოთქვეს, გამოყონ საჭირო ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა, ვიდრე ეს აუცილებელი იქნება. ამ მიზნით აშშ აპირებს, უკრაინას გადასცეს ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“, ხოლო გერმანია – დაჯავშნილი საბრძოლო მანქანები „მარდერი“, – ნათქვამია ვაშინგტონისა და ბერლინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის დარტყმების მოსაგერიებლად, გერმანია გადასცემს კიევს „პატრიოტის” საზენიტო კომპლექსების ბატარეას. ანალოგიურ სისტემას უკრაინას აშშ-იც დაჰპირდა, თუმცა ჯერ არ გადაუცია.
ორივე ქვეყანა ტექნიკის გადაცემამდე უკრაინელი სამხედროებისთვის მისი გამოყენების შესწავლას გეგმავს.
ამერიკული მედიის ცნობით, აშშ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ 6 იანვარს გამოაცხადებს. პაკეტის ღირებულება 2,8 მილიარდი დოლარი იქნება და ის 50 ერთეულ ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლის“ შეიცავს.
ზელენსკი: აუცილებელია, რომ რუსეთის აგრესიას მიმდინარე წელს ბოლო მოეღოს