LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს“ – ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდების ახალი ინიციატივა

673
ჯვართამაღლების ტაძარი

თბილისის ჯვართამაღლების ტაძარი (წინამძღვარი – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე) უკვე დიდი ხანია ცნობილია არაერთი საზოგადოებრივი აქტივობით, რომლებშიც სხვადასხვა ინტერესებისა თუ ასაკის ადამიანები ერთვებიან. ამჯერად სამრევლოს ახალი ინიციატივაა „მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს“ წამოწყება, რომელიც გულისხმობს ტაძრის ახალგაზრდების მიერ ეპარქიათა მომლოცველობასა და საქართველოს რეგიონებში სტუმრობას სამოქალაქო აქტივობის ფორმატით.

გასვლების მიზანია საზოგადოებაში სულიერ-კულტურული ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების წახალისება ერთიანი ჯანსაღი საქმიანობისკენ. როგორც პროექტის ერთერთი კოორდინატორი ვალერი ქამხაძე ამბობს, მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ თითოეული გასვლისას სულ უფრო მზარდია მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა.

„აქტივობები მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავართან, წმინდა ადგილების მოლოცვას, რეგიონის კულტურულ-საგანმანათლებლო ადგილების მონახულებას, ასევე, რეგიონში ტერიტორიების დასუფთავებასა და ნერგების დარგვას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონში სამრევლოს ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან აქტიურია, რაც დადებითად აისახება, თითოეულ ქალაქსა და სოფელზე. იმედი გვაქვს, ეს პროექტი, რომელიც რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება, ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდების გაერთიანებას შეუწყობს ხელს“, – განმარტავს ვალერი ქამხაძე.

პროექტის ფარგლებში, რეგიონებში გასვლითი ღონისძიებები მარტში დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ამ პერიოდში ახალგაზრდები უკვე ესტუმრნენ გორისა და ატენის, საგარეჯო-ნინოწმინდისა და ბოდბის, ბოლნისის, ალავერდის და ახალციხის ეპარქიებს.

ინიციატივა ეძღვნება პატრიარქ ილიას II-ის მამამთავრობის 45-ე წლისთავს. „მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს“ ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების არამხოლოდ სულიერ გაჯანსაღებას, არამედ – მათი სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას, რაც შედეგად, თითოეული რეგიონის კულტურულ-სოციალურ განვითარებაში შეიტანს წვლილს.

 

magti 5g