LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მნიშვნელოვანია გაიგოს საზოგადოებამ რამდენად აუცილებელია ხელის ჰიგიენა, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ისე ქუჩასა და მასობრივი თავშეყრის ადგილებში” – ლიკა ჯანაშვილი და თინათინ გაბრიჩიძე გადაცემაში „პულსი“

107
ლიკა-ჯანაშვილი-&-თინათინ-გაბრიჩიძე

28 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის ასოციაციის პრეზიდენტი ლიკა ჯანაშვილი და ამავე ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, სამედიცინო უნივერსიტეტის ეპიდემიის დეპარტამენტის პედაგოგი თინათინ გაბრიჩიძე სტუმრობდნენ, რომელთაც ჰიგიენასა და მისი დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს, რადგან 5 მაისს ხელის ჰიგიენის საერთაშორისო დღეა აღინიშნება.

– ლიკა, რა დატვირთვა აქვს ხელის ჰიგიენის დღეს?

– ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გაიგოს საზოგადოებამ რამდენად აუცილებელია ხელის ჰიგიენა, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ისე ქუჩასა და მასობრივი თავშეყრის ადგილებში. ხელის ჰიგიენის დღე, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შემოიღო, 2009 წლიდან აღინიშნება მთელ მსოფლიოში. ღირსშესანიშნავ დღეს ყოველ წელს ახალი პოსტერი და სლოგანი აქვს, რათა მაქსიმალურად გამარტივდეს კამპანიის წარმოება და მეტი ადამიანი მიიზიდოს ღონისძიებებში მონაწილეობისთვის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

– თინათინ, საინტერესოა, რა კავშირშია სამედიცინო მომსახურება ხელების ჰიგიენასთან?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ჰიგიენის დღე მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა თავისი კამპანიითა და მრავალრიცხოვანი ღონისძიებებით. რა თქმა უნდა, ხელის ჰიგიენა უმნიშვნელოვანესია სამედიცინო მომსახურებაში, რათა პაციენტი დაცული იყოს ინფექციისა და დამატებითი დაავადებებისგან.

– რამდენად ხშირია კლინიკაში ინფექციით დაავადების შემთხვევები?

– ინფექციის გავრცელება პირველ რიგში ქვეყნის განვითარების დონეზეა დამოკიდებული. მართალია, საქართველოში დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ ეს მხოლოდ სტატისტიკური ხარვეზია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ საწყისი ნიშნულის დადგენას, რათა მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ და იმ დონეს მივაღწიოთ, რომელიც განვითარებულ ქვეყნებშია. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ჩვენც აქტიურად ვართ ჩართული კვლევაში, რათა ჯერ ინფორმაცია შევაგროვოთ, მერე ჩვენი ასოციაციის წევრებს გავუზიაროთ, რომელიც მეტწილად ეპიდემიოლოგებითა და ხარისხის მენეჯერებითაა წარმოდგენილი.

– რამდენად ეფექტურად მუშაობს ინფექციის კონტროლის კამპანია, რომელიც C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შემდეგ დაიწყო?

– სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი უმსხვილესი და ძალიან წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, რადგან უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. სამწუხაროდ, C-ჰეპატიტი სწორედ ინფექციის კონტროლის უგულებელყოფის გამო გავრცელდა. მართალია, ახლა ძალიან გამკაცრებულია კონტროლის წესები, მაგრამ კარგი იქნებოდა მსგავსი ზომები ბევრად ადრე მიგვეღო. არანაკლებ სახიფათო იყო კოვიდი, რომელმაც მწარე, თუმცა მეტად საჭირო გაკვეთილები მოგვცა.

– თინათინ, ვის თვლით თქვენს მთავარ სამიზნედ?

– ჩვენი ასოციაციის მთავარი სამიზნე სამედიცინო პერსონალია. ვფიქრობ, ნებისმიერმა მედიკოსმა ზუსტად უნდა იცოდეს როდის, როგორ და რით დაიმუშაოს ხელები ინფექციისგან დასაცავად. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია კლინიკების ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ინფორმირება, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული დაწესებულების საჭირო პროდუქტით აღჭურვა. ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის განათლებაც, ამიტომ ჩვენი ასოციაცია აქტიურად ატარებს თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს.

– ლიკა, საინტერესოა კონკრეტულად როგორ, როდის და რით უნდა დაიმუშაოს მედპერსონალმა ხელები?

– მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ხუთი ძირითადი მომენტი განისაზღვრა, რომლის წინ და შემდეგ აუცილებელია ხელების დამუშავება – პაციენტის შეხების და სუფთა ასეპტიური პროცედურების წინ, ბიოლოგიურ სითხეებთან შეხების, პაციენტთან და მის გარემოსთან შეხების შემდეგ. ხელების დამუშავება შესაძლებელია როგორც ანტისეპტიკური ხსნარის საშუალებით, ისე საპნითა და წყლით დაბანით. თუმცა ხელის დამუშავებასა და დაბანასაც თავისი წესები აქვს, რომელთა დაცვა აუცილებელია.

– როგორ აღინიშნება ხელის ჰიგიენის დღე საქართველოში და რა სლოგანით ჩატარდება კამპანია წელს?

–  წლევანდელ სლოგანად ჯანდაცვის ორგანიზაციამ „დააჩქარეთ ერთობლივი ქმედებები!“ შეარჩია, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებების პოლიტიკის შემქმნელებთან ერთად ინფექციის კონტროლის სპეციალისტებს, მედპერსონალს და პაციენტებს მიმართა. გასული წლების მსგავსად ხელის ჰიგიენის დღეს წელსაც სრული შემადგენლობით აღნიშნავს ჩვენი ასოციაცია, თუმცა გვეყოლებიან მოწვეული სტუმრებიც, რომლებიც ორ ნაწილად გაყოფილ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ბევრ სხვა აქტუალურ თემასთან ერთად აუცილებლად ვისაუბრებთ ჯანმოს მიერ განსაზღვრული ხუთი მომენტის სწორად იდენტიფიცირებისა და მონაცემების აღრიცხვაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები