LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩარგლის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

71

თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილესთან, გიგა ნიკოლეიშვილთან, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან და ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ზაზა გაბუნიასთან ერთად, ჩარგლის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნო.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ნაძალადევის რაიონში ჩარგლის ქუჩის (2,2კმ) კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარეობს ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა, მიწის სამუშაოები და ნიადაგის მომზადება ასფალტის ახალი ორფენიანი საფარის დასაგებად. პროექტი ტროტუარების ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოწყობას ითვალისწინებს. ობიექტის გარკვეულ მონაკვეთებზე უკვე დასრულდა ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი. ჯამში, ჩარგლის ქუჩაზე 45 000მ2 ასფალტის საფარი დაიგება.

თბილისის მერის თქმით, ამ ქუჩაზე ასეთი მასშტაბური სამუშაოები ოც წელზე მეტია არ განხორციელებულა.

„ძალიან მნიშვნელოვანი საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ამ უბანში. აქ მუშაობს როგორც მერიის საქალაქო სამსახური, ასევე რაიონული გამგეობა, რათა საგზაო პრობლემები მოვაგვაროთ. კეთდება სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები და იცვლება ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია, რის შემდეგაც საგზაო საფარი მოწესრიგდება. სამუშაოების ძირითადი ნაწილი სექტემბრის შუა რიცხვებისთვის დასრულდება, ხოლო სხვა მიმდინარე სამუშაოები კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში გასტანს“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

საგზაო სამუშაოების წარმოებისას საავტომობილო გზაზე ორმხრივი მოძრაობა შენარჩუნდება. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენკო“ აწარმოებს.

წყარო: თბილისის მერია