1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს განათლების მინისტრი და აცხადებს, რომ მომავალი თაობისთვის ღირსეული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა უპირველესი მოვალეობაა:
„მინდა, ყველა ბავშვს, ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებსა და აღმზრდელებს მივულოცო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.
ბავშვები ჩვენი ქვეყნის მომავალია, შესაბამისად, მათზე ზრუნვა, მათთვის ღირსეული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბება თითოეული ჩვენგანის უპირველესი მოვალეობაა.
პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს თანასწორ და უსაფრთხო გარემოში ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა. ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას – განვახორციელებთ არაერთ პროექტსა და ინიციატივას რათა, ხელი შევუწყოთ ბავშვებს, იყვნენ წარმატებულნი როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, მთელი გულით გისურვებთ ბედნიერ მომავალს, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – წერს გიორგი ამილახვარი.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმიანება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც და აღნიშნავს, რომ მომავალ თაობებზე ზრუნვა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია:
„დღეს, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ.
შვილებსა და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უმთავრესია ყველა ბავშვისთვის თანაბარი წვდომის შესაძლებლობა ჯანმრთელობის დაცვასა და განათლებაზე.
წლიდან წლამდე სწორედ ამ მთავარი ამოცანის შესრულებას ემსახურება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული არაერთი ნაბიჯი. წელს, პირველი ივლისიდან, ბავშვთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება კიდევ იზრდება და 232 000-მდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 მლნ ლარი გამოიყოფა.
ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბავშვებისათვის უკეთესი პირობების შექმნაზე ზრუნვას და ჩვენი მომავალი თაობებისათვის განვითარების სულ უფრო უკეთესი შესაძლებლობების შექმნას.
ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წინსვლას ვუსურვებ ყველა ბავშვს ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
დღეს, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ.
შვილებსა და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჩვენი…
Posted by საქართველოს მთავრობა on ოთხშაბათი, 31 მაისი, 2023
ცნობისათვის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წელს დაარსდა და 1950 წლიდან აღინიშნება.
ყოველ 1 ივნისს მრავალი ქვეყანა კიდევ ერთხელ ერთიანდება, რათა მსოფლიოს შეახსენოს რამდენად მნიშვნელოვანია ახალი ომის საშიშროებისგან ბავშვების დაცვა და ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის.