1917 წლის 20 ივლისს მიუნჰენში კომპანია Bayerische Motoren Werke დარეგისტრირდა, თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე კი, BMW-ს პროდუქციამ მილიონობით ავტომოყვარულის გული დაიპყრო. გთავაზობთ ბრენდის 15 ლეგენდარულ ავტომობილს.
* BMW 303
1933 წელი BMW-თვის გადამწყვეტი აღმოჩნდა – ავიაძრავების, ველოსიპედების და მოტოციკლების მწარმოებელმა კომპანიამ პირველი მსუბუქი ავტომობილი გამოუშვა საკუთარი კონსტრუქციით. სერიამ ინდექსად ნომერი 303 მიიღო. მცირე ზომის ავტომობილის გამოშვება მხოლოდ ერთ წელიწადს გაგრძელდა და სწორედ ამ მოდელზე გამოჩნდა პირველად რადიატორის საფირმო ცხაურა, რომლითაც ადვილად შეიძლება მწარმოებლის ამოცნობა.
* BMW Dixi 3/15 PS DA1 Tourenwagen
ხუთი წლით ადრე, 1928 წელს, BMW-მ საავტომობილო ქარხანა შეიძინა აიზენაჰეში და მემკვიდრეობად Dixi-ის ავტომობილების გამოშვების ლიცენზიაც მიიღო. Dixi 3/15 პირველი მოდელი იყო, რომელზეც BMW-ს ლოგოტიპი გამოჩნდა.
* BMW 328 Touring Coupe
1939 წელს ბავარიულმა ავტომწარმოებელმა ერთადერთი სპორტული მოდელი BMW 328 გამოუშვა, რომელიც ერთგვარი ”ბილეთი” გახდა ავტოსპორტის სამყაროში. ერთ წელიწადში გერმანელმა მრბოლელებმა ჰაშკე ფონ ჰანშტეინმა და ვალტერ ბაუმერმა გამარჯვება მოიპოვეს ცნობილ რალიზე Mille Miglia.
* BMW 501
მეორე მსოფლიო ომმა პრაქტიკულად სრულად გააკოტრა კომპანია. ქარხნები მიუნჰენსა და აიზენაჰეში მოკავშირეებს გადაეცათ. ყველაფერთან ერთად კომპანიას ავიაძრავების გამოშვებაც აეკრძალა, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახა მის ფინანსურ მდგომარეობაზე. გამომდინარე აქედან, BMW-მ მხოლოდ 1951 წელს შეძლო ახალი მოდელის წარმოდგენა ფრანკფურტის გამოფენაზე. 1958 წლამდე ბრენდმა 3 444 მოდელი გამოუშვა, რამდენიმე ათასი კი, სპეციალური დაკვეთით დაამზადა.
* BMW Isetta
ომის შემდეგ საავტომობილო ბაზარს მარტივი და შედარებით იაფი ავტომობილები ჭირდებოდა. BMW-მ ფირმა Isetta-სგან კომპაქტური მიკროლიტრაჟიანი მოდელების წარმოებაზე მიიღო ლიცენზია და პოპულარულ ავტომობილს რამდენიმე წლის განმავლობაში უშვებდა. რამდენიმე მოდელი სპეციალურად გერმანული პოლიციისთვისაც შეიქმნა.
* BMW 700
1959 წელს ბრენდმა მიკროლიტრაჟიანი მსუბუქი ავტომობილების გამოშვება დაიწყო, რომლის დიზაინზეც იტალიელი ჯოვანი მიკელოტი მუშაობდა. ორკარიან სედანთან ერთად კომპანიამ ავტმოყვარულებს კუპესა და კაბრიოლეტის ვერსიებიც შესთავაზა. შედარებით იაფი ავტომობილი ადვილად იყიდებოდა ევროპულ ბაზარზე და ამერიკელი მყიდველისთვისაც ხელმისაწვდომი იყო. BMW 700 სწორედ ის მოდელია, რომელმაც ავტომწარმოებელი გაკოტრებისგან და Mercedes-Benz-ის საკუთრებაში გადასვლისგან გადაარჩინა.
* BMW 2000 С/CS
BMW 2000 С/CS-ს გერმანული კონცერნი 1966-1975 წლებში უშვებდა. სპორტული კუპე New Class-ის პლატფორმაზე იყო აგებული, 2 ლიტრის მოცულობის M10-ძრავა ჰქონდა და 10 წამში 100 კმ/სთ-ს ავითარებდა.
* BMW 2800 Spicup
1969 წელს BMW-მ ჟენევის ავტოსალონში BMW Spicup წარმოადგინა. ახალ ავტომობილს 2000 CS მოდელის შასი და 2,5 ლიტრის მოცულობის ექვსცილინდრიანი ძრავა ჰქონდა. სხვა მოდელებისგან განსხვავებით Spicup მზად იყო ექსპლუატაციისთვის და სხვადასხვა შოუში მონაწილეობის შემდეგ კერძო პირის მფლობელობაში გადავიდა.
* BMW 525 Sedan (E12)
1972 წელი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს BMW 5-ის დაბადების წლად. სწორედ მაშინ იხილა პუბლიკამ პირველად საშუალო კლასის სედანის ოჯახი BMW-გან. შემდეგი თაობის Е28-ის გამოჩენამდე, კონცერნმა პოპულარული ავტომობილის 700 ათასამდე ეკზემპლარი გამოუშვა.
* BMW M1 (E26)
1978 წელს ბრენდმა სპორტული М1 გამოუშვა. მოდელის შემუშავებაზე BMW იტალიურ Lamborghini-სთან ერთად მუშაობდა. საერთო ჯამში კომპანიამ BMW M1-ის 453 ავტომობილი გამოუშვა. 1979 წელს ერთ-ერთი ავტომობილის გაფორმებაზე ამერიკელი მხატვარი ენდი უორჰალიც მუშაობდა. ცნობილი მხატვრების მიწვევა ავტომობილების ინდივიდუალური გაფორმებისთვის BMW-ს ერთ-ერთი საინტერესო ნოვაცია აღმოჩნდა.
* BMW M3 CSL Coupe (E46)
1975 წელს წარმოებაში მესამე სერია ჩაეშვა, რომლის ფარგლებში კომპანიამ კომპაქტური სედანი, კუპე, კაბრიოლეტი და უნივერსალი გამოუშვა. დღეისთვის მოდელების უკვე ექვსი თაობაა გამოშვებული და განსაკუთრებული პოპულარობით მათ შორის სწორედ BMW M3 CSL Coupe სარგებლობს.
* BMW 750Li (F02)
BMW-ს მეშვიდე სერია ბაზარზე 1977 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ლუქსის კლასის ავტომობილების ხუთი თაობა გამოვიდა. ყოველი ახალი მოდელი ინჟინერული ნოვაციით გამოირჩევა, რადგან სწორედ მეშვიდე სერიაა კონცერნის ფლაგმანი.
* BMW X5 xDrive50i (F15)
1990-იან წლებში საავტომობილო ბაზარი SUV-ის კლასის ავტომობილებით შეივსო. საკუთარი ადგილის შესანარჩუნებლად BMW-მ Rover-ის ჯგუფი შეიძინა, რომელიც Land Rover-ს უშვებდა. თუმცა, ძალიან მალე დამოუკიდებლად დაიწყო მოდელის წარმოება. BMW X5-ის დებიუტი 1999 წელს შედგა, მოგვიანებით კი, წარმოებაში Х1, Х3 და Х6 ჩაეშვა.
* BMW i8 Concept
კონცეპტუალური ავტომობილი BMW i8 პუბლიკამ პირველად 2009 წლის სექტემბერში იხილა ფრანკფურტის ავტოსალონში. მოდელი ჰიბრიდული მძლავრი მექანიზმით იყო აღჭურვილი, რომელიც საკუთარ თავში 3-ცილინდრიან ტურბოდიზელს და 2 ელექტროძრავას აერთიანებდა. ავტომობილი 4,8 წამში 100 კმ/სთ-ს ავითარებს და 100 კილომეტრზე მხოლოდ 3,76 ლიტრ საწვავს მოიხმარს.
* BMW Gran Lusso Coupe
2013 წლის მაისში BMW-მ ახალი კონცეპტუალური მოდელი Gran Lusso Coupe წარმოადგინა Concorso d’Eleganza Villa d’Este-ს გამოფენაზე, რომელიც Pininfarina-თან ერთად შეიმუშავა.