LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინსულინრეზისტენტობა არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს აუცილებლად დიაბეტი აქვს“ – ენდოკრინოლოგი სალომე ჟვანია

774
სალომე-ჟვანია

მცირედით მომატებული გლუკოზის მაჩვენებელი უზმოდ ან დატვირთვის შემდეგ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ადამიანს უკვე ჩამოყალიბებული დიაბეტი აქვს. ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ენდოკრინოლოგმა სალომე ჟვანიამ ისაუბრა:

„პირველ რიგში, გააჩნია, რა ანალიზის მონაცემს მაძლევს პაციენტი, სახლში აპარატით გაზომილს თუ ლაბორატორიულს. უკვე დიაბეტიან ადამიანთან კაპილარულ სისხლში გაზომილი მონაცემით შეიძლება რაღაც ორიენტაცია ავიღოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, დიაბეტის დიაგნოზის დასასმელად არცერთი ენდოკრინოლოგი სისხლში კაპილარულად გაზომილ მონაცემს არ ეყრდნობა. როდესაც დიაგნოსტიკაზეა საუბარი, იქ აუცილებლად ლაბორატორიული, ვენური სისხლიდან გაკეთებული ანალიზებია საჭირო და არც მხოლოდ გლუკოზა უზმოდ არ არის საკმარისი, აქ ძალიან ბევრი ანალიზია გასათვალისწინებელი.

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი არც ისე მარტივი დასასმელია, რადგან ძალიან ბევრ ეტაპს გადის გლუკოზის მონაცემი მანამ, სანამ იმ დონეს მიაღწევს, როცა ჩვენ, ენდოკრინოლოგები ვამბობთ, რომ იქ შაქრიანი დიაბეტია. როგორც გითხარით, მარტო გლუკოზით არ წყდება დიაგნოზი, ნახშირწყლოვან ცვლაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მონაცემია, C პეპტიდი, ინსულინი, ბეტა უჯრედების ფუნქცია და ეს ყველაფერი ერთად, კომპლექსურად უნდა განიხილოს ენდოკრინოლოგმა, რომ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დასვას. მომატებული გლუკოზა, რა თქმა უნდა, დიაბეტს არ ნიშნავს. გლუკოზა პაციენტებმა აუცილებლად უზმოდ და კვებიდან ორ საათში უნდა გაიზომონ. სხვა დროს გაზომილი გლუკოზა ინფორმატიული არ არის და ვერ დავეყრდნობით. თუ მომატებული გლუკოზის ციფრები დაფიქსირდება, ეს უკვე საკმარისი საბაბია ენდოკრინოლოგთან მისასვლელად და თუნდაც ერთჯერადად, ღრმა ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად. თუ მომატებულ გლუკოზას თან ერთვის ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი რისკფაქტორები, ეს უკვე საკმაოდ დიდი საბაბია ღრმა კვლევების ჩასატარებლად.

ნიშნავს თუ არა სისხლში შაქრის მატება დიაბეტს – ენდოკრინოლოგი სალომე ჟვანია ჭარბწონიანობასა და გამოსავალზე

პაციენტები ხშირად კითხულობენ, ,,ინსულინრეზისტენტობა მაქვს და ანუ დიაბეტი მაქვს?” ან კითხულობენ, რამდენ წელში დაემართებათ დიაბეტი. ინსულინრეზისტენტობა არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს აუცილებლად დიაბეტი აქვს, ეს უბრალოდ არის გაზრდილი რისკი, ანუ რისკჯგუფია. მაგალითისთვის, როგორც თამბაქოს მოხმარება ზრდის დიაბეტის რისკს, ისე ზრდის ინსულინრეზისტენტობაც, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს აუცილებლად დაემართება შაქრიანი დიაბეტი, მით უმეტეს, თუ ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. პაციენტის ძალისხმევით და სწორი მიდგომით პრედიაბეტიც განკურნებადია. უკვე ჩამოყალიბებული დიაბეტის დიაგნოზს, სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეშიც ვერაფერი მოვუხერხეთ, ამიტომ პაციენტებმა აუცილებლად მცირედ ცვლილებასაც კი უნდა მიაქციონ ყურადღება და სამ თვეში ერთხელ მაინც იკონტროლონ ინსულინრეზისტენტობა“ –  განაცხადა სალომე ჟვანიამ.

magti 5g