LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის, რაც სცენაზე ხდებოდა, მხოლოდ მუსიკის შესრულება არ იყო, ეს იყო დროებსა და ეპოქებში მოგზაურობა.. ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის… სუნთქვის უნარის მთავარ დანიშნულებას“ – ნიკოლოზ რაჭველი

185
ნიკოლოზ-რაჭველი1

5 ივნისს, ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე კომპოზიტორის მიერ კინოფილმებისთვის, ოპერის, თეატრისა და ბალეტისთვის შექმნილი ნაწარმოებები შესრულდა.

საღამოს მუსიკალური ხელმძღვანელი, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი კონცერტის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და კონცერტის ორგანიზატორებსა და მასში მონაწილე მუსიკოსებს მადლობას უხდის:

„დაუვიწყარი დღე იყო გუშინ… ჩემთვის წარმოუდგენლად ემოციური, რადგან ვუკრავდი, ვდირიჟორობდი, ვსაუბრობდი ჩემი უძვირფასესი ლექსოსთვის…

ზუსტად ერთი წლის წინ ლექსო თორაძის ამ ქვეყნიდან მოულოდნელი და მეხის დაცემასავით შემძვრელი წასვლის ჭრილობა ოდნავაც არ მოშუშებულა… ჩვენი ბოლო მიმოწერა მისი მამის, დავით თორაძის დაბადებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღზე შედგა და მე დავპირდი, რომ დავით თორაძის მუსიკის მარადიულ სიცოცხლეში ჩემ წილ წვლილს შევიტანდი…

სულ პატარა ასაკიდან შემიყვარდა ინოლას მიერ გახმოვანებული სიმღერა „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“-დან და მიმაჩნია, რომ ამაზე მაგარი რომანსი არათუ ჩვენში, მსოფლიოში არ დაწერილა… მერე გავიცანი „გორდა“, „მწირი“, „ნიკორწმინდა“… მერე გავხდი ლიანას, ლექსოს და ნინოს ოჯახის წევრივით ახლობელი უმცროსი მეგობარი და ახლა, როდესაც აღარც ლიანა ასათიანია ჩვენში და ლექსომაც მშობლებთან გადაინაცვლა, ჩემთვის ასმაგად საპასუხისმგებლო გახდა მისია, რომ ლექსოს იმედები გავამართლო და დაუღალავად ვაკეთო ქართული მუსიკისთვის საჭირო საქმე, განსაკუთრებით კი წარსულ და მომავალ თაობებს შორის შევძლო მყარი ხიდის შენება!

5 ივნისის საღამოსთვის, სადაც შევასრულეთ დავით თორაძის ურთულესი სიმფონიური თხზულებები და აგრეთვე მისი მუსიკა კინოფილმებიდან, მინდა უდიდესი მადლობა მივუძღვნა ეროვნული ორკესტრის თითოეულ მუსიკოსს, გმირებს, უმაგრესებს, პროფესიონალებს, ერთგულებს, გამძლეობაში უკონკურენტოებს და, რაც მთავარია, ჩვენი სამშობლოს ნამდვილ პატრიოტებს!

ასევე მათთან ერთად მოწვეულ მუსიკოსებს, ვინც კიდევ უფრო სრულყოფილი გახადა ჩვენი კოლექტივი ოპერის სცენაზე! ჩემი ქედის მოხრა და სიყვარულით სავსე მადლიერება საღამოს სოლისტებს, ჩემს უახლოეს მეგობრებს: ნატო მეტონიძეს, ეკა მამალაძეს, ნინო ქათამაძეს და The Georgian Six-სის შემადგენლობას უნიკალური ქეთი ქართველიშვილით და უმაგრესი ბიჭებით!

დიდი მადლობა თიკოს, ნათიას, ლევანს, ზაზას, დიტოს, ვანიანოს… უდიდესი მადლობა ორ ბრწყინვალე საგუნდო კოლექტივს: თბილისის ქალთა გუნდს ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით და წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ვაჟთა გუნდს სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, მათ უმცირეს დროში ეროვნულ ორკესტრთან ერთად შეუძლებელი შეძლეს!

მადლობა ერეკლე სამადაშვილს, რომელმაც ჩემი გაორკესტრებული თორაძის კინომუსიკის სანოტო მასალა მოამზადა, ჩვენი ორკესტრის ტექნიკურ ჯგუფს და მენეჯმენტს სანათა ბაბუაძის ხელმძღვანელობით! ყველაზე დიდი მადლობა ნინო ნახუცრიშვილს, როგორც ყოველთვის ყველაფრისთვის! ის, რაც სცენაზე ხდებოდა მხოლოდ მუსიკის შესრულება არ იყო, ეს იყო დროებსა და ეპოქებში მოგზაურობა, ეს კი მხოლოდ თეონა ჯორბენაძის დამსახურებით გამომდის და ალბათ თეონამ განსაზღვრა ის, რომ დავით თორაძის საღამო კვლავ ჩვენებური „მეხსიერების ბარათი“ გამოგვივიდა, თეონასთან ერთად დიდი მადლობა ჩვენი პროექტების სცენოგრაფს და საუკეთესო ადამიანს ვანო ჭელიძეს, ვიდეო ინსტალაციის ჯგუფს ნუცა ჯორბენაძესა და დავით მეფარიშვილს!

უღრმესი მადლობა „ჯეოვოისს“ შესანიშნავი გახმოვანებისთვის, მადლობა ოპერის თეატრის თანამშრომლებს, ჩვენს მასპინძლებს და ბოლოს დიდი მადლობა TIMF-ის მთელს შემადგენლობას: სამხატვრო ხელმძღვანელს ედიშერ სავიცკის, გენ. დირექტორს თიკა რუხაძეს და ფესტივალის დამაარსებელს ნინო თორაძეს!

დიდი დიდი მადლობა უპირველესად იმისათვის, რომ მომეცით შესაძლებლობა სცენიდან მოვფერებოდი დავით თორაძის მუსიკას და ჩემი მონატრებული ლექსოს სპეტაკ სულს! ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის… სუნთქვის უნარის მთავარ დანიშნულებას“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g